LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულო დღეს დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს: როგორ გადანაწილდება ერთ მილიარდ ლარზე მეტი 

80
BeFunky-collage (7)

თბილისის საკრებულო დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებს. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება და ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ასე გადანაწილდება:

მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი დაიხარჯება. 425 მილიონი ლარი კი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყოფა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა და ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ვარკეთილის ხევში ახალი პარკის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

თბილისის საკრებულო, 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, დღესვე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ანგარიშს მოუსმენს, ასევე იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

magti 5g