2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა, სავარაუდო ღირებულებაა კი 3,746,94 ევრო. ტენდერის გახსნის თარიღი 2016 წლის 3 ოქტომბერია.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთები 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა. სტიქიის მიზეზების შესწავლისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ჩატარდა წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით.
კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 28 ივნისს გამოაცხადა ტენდერი, გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. თუმცა, სატენდერო წინადადებები არ იქნა მიღებული, რადგან ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეროვნული საკონკურსო ტენდერის სამუშაოებისთვის განსაზღვრულ თანხებს. შესაბამისად, საჭირო გახდა გამოცხადებულიყო ახალი საერთაშორისო ტენდერი.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ”საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.