თბილისში, სასტუმროში „ბილტმორი“, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) კონფერენცია „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში?“ ჰიბრიდულ ფორმატში (დასწრებით და ონლაინ) მიმდინარეობს.
ღონისძიების მიზანია ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლისას, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სარგებლის დემონსტრირებით, ხელი შეუწყოს ქართული საწარმოების მდგრადობას და მწვანე ზრდას.
კონფერენციის ექვს სესიაზე ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალება მიეცემათ იმსჯელონ და გაიზიარონ საწარმოების „გამწვანების“ გამოცდილება, მეთოდები და პროგრამები.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორიაა საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარე – მთავრობა, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მცირე და საშუალო ბიზნესი, მათ შორის, სამრეწველო საწარმოების წარმომადგენლები, ექსპერტები საინჟინრო (ქიმიური, სამრეწველო, გარემოსდაცვითი) და ენერგეტიკის სფეროებიდან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე EU4Environment (2019-2024) და EaP GREEN (2013-2017) პროგრამებში მონაწილე სპეციალისტები.