თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
საზეიმო გალა-კონცერტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, გორის ქალთა კამერული გუნდი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები – სულხან გველესიანი და არმაზ დარაშვილი, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“, თამარ ივერი, სანდრო ნებიერიძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე, ლელა წურწუმია და ნატო მეტონიძე. კონცერტის დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი, რეჟისორი: დავით დოიაშვილი, მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიების მონაწილე შემსრულებლებს შეხვდნენ, მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.


