შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტების ნაწილისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტი ოფიციალური განცხადებით ეხმიანება.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში წერია, რექტორის მიერ სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული:
„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ:
რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული.
სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, – წერია განცხადებაში.
ცნობისათვის, დღეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს.
როგორც სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან დღეს მიიღო შესაბამისი მეილი, რომელშიც წერია:
„როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 3 სამუშაო დღის ვადაში რექტორთან წერილობითი მიმართვის საფუძველზე“ – წერია შეტყობინებაში, რომელიც სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან მიიღეს.
ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ…
Posted by საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი on ორშაბათი, 10 მარტი, 2025