ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილე თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 34-ე დღეა შიმშილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრიდან მედიასაშუალებებს წერილს უგზავნის.
წერილში, რომელსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, თემურ ქათამაძე წერს, რომ ის შიმშილობას ბოლომდე გააგრძელებს.
შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს
„ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე, მზია ამაღლობელის შემდეგ შიმშილობის დროშა, ახლა მე, „ბათუმელი მედროშე“ ავიღე ხელში და ჩემ შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე, ვინაიდან მე მიმაჩნია, „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ როგორც იყო ჩვენი, ანუ „ჩვენებურების“ ბელადი ახმედ მელაშვილისთვის, მიხა ხელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქაცარავასთვის, გულო აღა კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, იუსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასთვის და ზვიად გამსახურდიასთვის!
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე: „არასდროს, არასდროს, არ დანებდე!“
მე, ასევე უარს ვაცხადებ 15.02.2025-დან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში, ყოველდღიურად ექიმებთან კონსულტაციის გავლაზე და ანალიზების ჩატარებაზე“, – წერს თემურ ქათამაძე წერილში.

აღნიშნულ წერილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თან ურთავს ტექსტს:
„თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.
შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.
ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, თემურ ქათამაძე 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე დააკავეს 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 5-დღიანი პატიმრობისა და იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს თემურ ქათამაძე ისევ დააკავეს. შსს-ს განცხადებით, თემურ ქათამაძე საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული.
7 თებერვალს, თემურ ქათამაძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მისი პატიმრობა ძალაში დარჩა.