LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: „ჟენევის დისკუსიებზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – მოვუწოდებ ივანიშვილს, თქვას სიმართლე!“

168
თეონა აქუბარდია და ბიძინა ივანიშვილი

„რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა“ – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა და „ბიძინა ივანიშვილის „ოცნებას“, მოუწოდა, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე!

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აქუბარდიამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის.

„გუშინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდზე, არჩევნებიდან ერთ კვირაში, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა დიდი საფრთხე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ღიად არის გამოყენებული ივანიშვილის მიერ საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალების და მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდა, როგორც შესაძლებლობა დამატებითი ზეწოლის მოსახდენად ჩვენს მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

ამასთან, პირველად ჟენევის ფორმატში რუსეთმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციური ჩანაწერის შესახებ“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ და რუსეთის საგარეო უწყების განცხადებიდან ციტატა წაიკითხა:

„ამ ამოცანების აქტუალობა განაპირობა ოფიციალური თბილისის აღიარებამ, რომ თავად საქართველოში და მის მიღმა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მეორე ფრონტის” გახსნის შესახებ, ასევე რეგულარულად ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აგრძელებენ ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით“.

აქუბარდიას თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა.

რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის საკითხზე პედალირებაც, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის ამოცანას, დატოვოს საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და კიდევ მეტად მიიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი.

მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად და ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის ამ პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის.“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g