Tesla ჩინეთის ბაზრისთვის Model Y-ის ახალ ფლაგმანურ ვერსიას ამზადებს. ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს (MIIT) მონაცემებით, ელექტროქროსოვერის ახალი მოდიფიკაცია, სავარაუდოდ, Performance-ის სახელით გამოვა და Model Y-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ვერსია იქნება.
გამოცემა CnEVPost-ის ინფორმაციით, მოდელის გაყიდვები 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
ახალი Model Y Performance-ის წარმოება Tesla-ს შანხაის ქარხანაში იგეგმება.
ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ჩინეთის ბაზარზე ამჟამად ხელმისაწვდომი Model Y-ის ვერსიებისთვის განსაზღვრულ 201 კმ/სთ-იან ლიმიტს.
ფლაგმანური მოდიფიკაცია აღჭურვილი იქნება ორი ელექტროძრავით:
- წინა ძრავა – 239 ცხენის ძალა;
- უკანა ძრავა – 396 ცხენის ძალა.

ენერგიას სისტემა NMC ტიპის ლითიუმ-იონური ბატარეიდან მიიღებს, რომლის ელემენტებს LG Energy Solution-ის ჩინური განყოფილება აწარმოებს.
ბატარეის ზუსტი ტევადობა ჯერ არ სახელდება, თუმცა აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე გაყიდული Model Y Performance 82-84 კვტ/სთ ბატარეას იყენებს.
სპორტულ ხასიათს ხაზს უსვამს 21 დუიმიანი დისკები და სხვადასხვა სიგანის საბურავები – 255 მმ წინა, ხოლო 275 მმ უკანა ღერძზე.
ფასიც შესაბამისი იქნება, მოსალოდნელია, რომ ახალი Performance ვერსია ჩინეთის ბაზარზე 339 000 იუანზე (დაახლოებით 47 000 აშშ დოლარზე) ძვირი ეღირება, რაც მას Model Y-ის ყველაზე ძვირად ღირებულ მოდიფიკაციად აქცევს.