LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ Model S-ის და Model X-ისთვის ძვირად ღირებული „გამოსამშვიდობებელი“ ვერსია გამოუშვა

105
1428x1428 (2)

ელექტრომობილების წარმოების დასრულების წინ Tesla-მ მოდელებისთვის Tesla Model S და Tesla Model X სპეციალური, შეზღუდული სერია Signature წარადგინა. საერთო ტირაჟი მხოლოდ 350 ერთეულია – 250 სედანი და 100 კროსოვერი, ხოლო თითოეულის ფასი 159 420 დოლარს აღწევს.

ამ სერიის შეძენა მხოლოდ მოწვევით იქნება შესაძლებელი – Tesla გეგმავს, რომ ავტომობილები მხოლოდ შერჩეულ კლიენტებს შესთავაზოს.

Signature ვერსიის საფუძვლად გამოყენებულია Plaid მოდიფიკაციები, რომლებიც სამძრავიანი სისტემით 1034 ცხენის ძალას და 1420 ნიუტონ-მეტრ ბრუნვის მომენტს ავითარებს. თუმცა სპეციალური სერია მნიშვნელოვნად ძვირია – სედანის შემთხვევაში ფასი დაახლოებით 59 ათასი დოლარით იზრდება, კროსოვერისთვის კი 54 ათასით.

ფასის ზრდა კომპლექტაციით აიხსნება: ყველა შესაძლო ოფცია სტანდარტულადაა ჩართული. მათ შორისაა სრულად ავტონომიური მართვის სისტემა FSD, კლასიკური საჭის ნაცვლად „შტურვალი“, Supercharger ქსელში 4 წლიანი უფასო დამუხტვა და იმავე ვადით VIP მომსახურება.

განსაკუთრებულია დიზაინიც – სპეციალური მუქი წითელი მეტალიკი, ოქროსფერი დეტალები და უნიკალური ემბლემები. Model S აღჭურვილია 21 დუიმიანი დისკებითა და კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით, ხოლო Model X-ს უფრო დიდი დისკები აქვს, თუმცა სპორტული მუხრუჭების გარეშე.

ინტერიერი გაფორმებულია თეთრი ალკანტარით და ექსკლუზიური ორნამენტებით. თითოეულ ავტომობილს ასევე მოჰყვება კორპუსის ფერში შეღებილი გასაღები.

ამ დროისთვის Model S და Model X ინდივიდუალური შეკვეთით აღარ იყიდება – კომპანიის კონფიგურატორი უკვე გათიშულია, თუმცა დარჩენილი ავტომობილების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია დილერების მარაგიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები