ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უცნაური ტრადიცია ჩამოუყალიბდა – ის თავისი ადმინისტრაციის მამაკაც წევრებს ძვირად ღირებულ ფეხსაცმელს ყიდულობს და პირადად ურიგებს. თითოეული წყვილის ღირებულება დაახლოებით 145 დოლარია.
გამოცემის ცნობით, ასეთი საჩუქარი უკვე მიიღეს არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა და საჯარო ფიგურამ, მათ შორის მარკო რუბიომ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა და კონსერვატორმა ტელეწამყვანმა ტაკერ კარლსონმა.
თეთრი სახლის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ეს უკვე ერთგვარ შიდა ტრადიციად იქცა. „ყველა მათგანს აქვს ეს ფეხსაცმელი. ცოტა სახალისოცაა, რადგან მათ, როგორც ჩანს, ეშინიათ უარი თქვან მის ტარებაზე,“ – აცხადებს წყარო.

The Times წერს, რომ ტრამპი ხშირად სწორედ ამ თემით იწყებს შეხვედრებს და ინტერესდება, რას ფიქრობენ მისი თანამშრომლები ახალ ფეხსაცმელზე. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იანვარში დაფიქსირდა, როდესაც ჟურნალისტებმა მარკო რუბიოს ფეხსაცმელს ფოტო გადაუღეს და შენიშნეს, რომ ის აშკარად დიდი იყო.
მედიის ვარაუდით, ესეც ტრამპის საჩუქარი იყო – პრეზიდენტმა რუბიოს ფეხის ზომა არასწორად გამოიცნო, რის გამოც ფეხსაცმელი დიდი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მდივანი მას მაინც ატარებს.

მოგონება ამ უცნაურ ეპიზოდზე საჯაროდ გაიხსენა ვიცე-პრეზიდენტმადი ვენსმა. მისი თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ტრამპმა მოულოდნელად შეწყვიტა განხილვა და განაცხადა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“ უნდა გადაწყდეს – საუბარი ფეხსაცმელზე იყო.
ვენსის თქმით, პრეზიდენტმა მაგიდის ქვეშ ჩაიხედა, სტუმრებს ფეხსაცმელი დაუთვალიერა და განაცხადა: „მარკო, ჯეი, დი – საშინელი ფეხსაცმელი გაქვთ. უკეთესი უნდა შევიძინოთ.“ ამის შემდეგ მან კატალოგი მოიტანა და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი იქვე დაარიგა.
მისივე თქმით, ტრამპმა ფეხის ზომა ყველას ჰკითხა და ერთ-ერთ პოლიტიკოსს, რომელმაც მცირე ზომა დაასახელა, ხუმრობით უთხრა, რომ „ფეხსაცმლის ზომა ადამიანზე ბევრ რამეს ამბობს“.
გამოცემის შეფასებით, ეს ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს ტრამპის არატრადიციულ მართვის სტილსა და მის მიდრეკილებას სიმბოლური ჟესტებისადმი, თუნდაც მაშინ, როცა საქმე უბრალო ფეხსაცმელს ეხება.
