”ელ-ჯი”-ის ახალ სამკერვალო ფაბრიკას გერმანული ბანკი დააფინანსებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა, გერმანულმა მხარემ მას ფაბრიკის მოსაწყობად 10 მილიონი ევრო გამოუყო. სესხის გადასაფარად კი ”ელ-ჯი”-ის თანხის შეტანა წელიწადში 2-ჯერ მოუწევს.
”ახალი ფაბრიკა ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა შესულიყო, თუმცა ეს პროცესი დროში გაიწელა. ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ”თიბისი ბანკთან” , რომელსაც ჩემთვის სესხი უნდა დაემტკიცებინა. წარდგენილი მქონდა ბიზნეს-იდეა სახელმწიფო პროექტ ”აწარმოე საქართველოზე”, თუმცა ბოლო წუთებში ”თიბისიმ” სესხზე უარი მითხრა. ამიტომაც, საჭირო თანხის მოძიება გერმანიაში მომიხდა”, – აღნიშნა ღაჭავამ.
მისივე ინფორმაციით, ”ელ-ჯი”-მ საწარმოს მოსაწყობად მანქანა-დანადგარები იტალიასა და გერმანიაში შეიძინა. ტექნიკა გერმანულმა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია ”ჰერმესმა” დააზღვია.
”ეს არის ძალიან ძვირადღირებული, ულტრა-თანამედროვე ტექნიკა, რომელიც მალე ჩამოვა. ფაბრიკის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. დანადგარების მონტაჟს კი თავად გერმანული მხარე განახორციელებს. ჩამოვა მათი წარმომადგენელი, რომელიც 3 თვის მანძილზე საქართველოში დარჩება და ჩემს თანამშრომლებს გადაამზადებს”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
ლაურა ღაჭავას თქმით, ახალი ფაბრიკა ექსპლუატაციაში 2017 წლის პირველ ნახევარში შევა, ვინაიდან მანქანა-დანადგარების მონტაჟის პროცესი 4-5 თვეს გასტანს. ფაბრიკის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, კომპანია წარმადობის გაზრდას გეგმავს. ამასთან, ”ელ-ჯიმ” გერმანიისა და ჩეხეთისგან წინდების სოლიდური შეკვეთა მიიღო. თითოეულ ქვეყანაში საქართველოდან ექსპორტზე წელიწადში 5 მილიონი წყვილი წინდა გავა.
ცნობისთვის, ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკამ საქმიანობა 2011 წლის იანვრიდან დაიწყო.