“თიბისიმ” ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ფინალურ ღონისძიებაზე გუშინ გამოავლინა. მაშ ასე, გაიცანით ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულები.
ნომინაციაში – საუკეთესო პროდუქტი ჟიურის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა კომპანია POSTRED-მა, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიისთვის ხმის დიზაინსა და მუსიკას ქმნის.
POSTRED 2015 წელს დაარსდა, იგი ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ხმის დიზაინის და მუსიკის სერვისებს სთავაზობს არა მხოლოდ ლოკალურ ბაზარს, არამედ ჰოლივუდს. გარდა იმ ფაქტისა, რომ POSTRED ქმნის მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ის ქართული კინო-ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს. ბოლო 1 წლის განმავლობაში POSTRED-მა იმუშავა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა HBO-ს EUPHORIA, Paramount Pictures-ის SCREAM, A24-ის PEARL და C’MON, C’MON და მრავალ სხვა პროექტზე SONY PICTURES-ისთვის, NETFLIX-ისთვის, AMAZON-ისთვის, APPLE TV-ისთვის, და ა.შ. გარდა იმისა, რომ POSTRED საქართველოდან მუშაობს ჰოლივუდისთვის, მან გახსნა POSTRED Academy, სადაც 6 თვიანი ინტენსიური კურსის შედეგად, სტუდენტები შეისწავლიან ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის. აქ სტუდენტები ისწავლიან ჰოლივუდის სტანდარტებზე მორგებულ პროგრამებს. POSTRED Academy-ის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მუშაობა დაიწყონ POSTRED-ში. ამ ეტაპზე 40 ადამიანისგან შემდგარი POSTRED ისტორიას ქმნის ქართულ კინო ინდუსტრიაში. POSTRED-მა TBC Concept-ში ჩაატარა ლეგენდარული ხმის დიზაინერის, უაილი სთეითმენის ივენთი სტუდენტებისთვის. უაილი 9 გზის ოსკარის ნომინანტი, ემის მფლობელი, კვენტინ ტარანტინოს, ოლივერ სტოუნის და მრავალი სხვა გამორჩეული რეჟისორის ხმის დიზაინერია. მომავალში დაგეგმილია მრავალი სხვა, ჰოლივუდში გამორჩეული პროფესიონალების ჩამოყვანა საქართველოში, რათა მოხდეს ფილმის ე.წ. ქომიუნითის გაძლიერება და ბევრი მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოში.
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი კი Artisio გახდა, ეს არის აუქციონების მართვის SaaS სისტემა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აქცევს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors).
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის - "არტისიო" ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე სამ ფინალისტს შორისაა
„არტისიოს“ დამფუძნებელი ირაკლი სვანიძე „ბიზნესნიუსს“ ინოვაციური პროდუქტის შესახებ ესაუბრა.
Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას გვაძლევს მივუერთდეთ და მონაცემები გავცვალოთ ყველა დამატებით მესამე მხარესთან, რომელსაც იყენებენ მომხმარებლები. ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომლებიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ აუქციონების მეშვეობით და ბაზრის მოცულება შეადგენს 200 მილიარდ დოლარს.
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ დაჯილდოვდა, რომელიც შიდა ქართლში მცხოვრებ სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალებს ეხმარება, აძლიერებს, პროფესიას აძლევს, კერძოდ კი მათთვის ჭრა-კერვის შესწავლას და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს.
"ჩვენთან გადამზადების შედეგად, ქალები საქმდებიან სხვა საწარმოებში ან არიან თვითდასაქმებულები" - გორში მდებარე სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია
"ძალიან ღირსეული კანდიდატების გვერდით მოვხვდით და დიდი მადლობა თიბისის ბიზნესისათვის ასეთი ხელშეწყობისა და აღიარებისთვის".
საწარმოში სწორედ სოციალურად მოწყვლადი ქალები არიან დასაქმებულნი: იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მცხოვრებლები შშმ პირები, მარტოხელა დედები და ა.შ. ამასთანავე, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რაც გულისხმობს, სამკერვალო ქსოვილის მონარჩენის შეგროვებას საქართველოში არსებული 35 სამკერვალო საწარმოდან, მოსახლეობიდან და მის გადამუშავებას და მიღებული ნედლეულის რეალიზაციას. 2022 წელს გადამუშავდა 10 ტონა ტექსტილის ნარჩენი, ხოლო კომპანიას დღემდე გადამზადებული ჰყავს 312 სოციალურად მოწყვლადი ქალი.
რეგიონის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული როლისთვის „სადგური“ დაჯილდოვდა, რომელიც წარმოადგენს კაფეს და ლუდი ბაღს ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში (ასურეთი, თეთრიწყაროს რაიონი). მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ცენტრალურ უბანს რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რეაბილიტაცია, “სადგურის” გახსნამდე სოფელში არ იყო ობიექტი სადაც ტურისტს/მოგზაურს შეეძლებოდა შესვენება, სადილობა, თუნდაც ყავის მირთმევა.
"ეს არის საქართველოში ყველაზე უფრო ევროპულ სოფელში მდებარე მოედანი" - ძველ გერმანულ სოფელში მდებარე "სადგური" "თიბისის" ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია
გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში - აღნიშნულ ნომინაციაში ერთ-ერთი ფინალისტია კაფე "სადგური Bahnhof Station", რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში ფუნქციონირებს.
“სადგურმა” სოფელს შეძინა ახალი სიცოცხლე, გერმანელი კოლონისტების აშენებულ შენობაში განთავსებულმა ავთენტურმა სივრცემ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა, როგორც ქვემო ქართლის და მესხეთ-ჯავახეთის მიმართულებით მოგზაურებში, ისე დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის, რომლებსაც ევროპული სოფლის გარემოში უნდათ სასიამოვნო დროის გატარება, გემრიელი სამზარეულოს დაგემოვნება და ხარისხიანი მუსიკის მოსმენა. „სადგური“ წარმოადგენს ლუდის ბაღს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ, ადგილობრივ სამზარეულოს, რომელზეც გავლენა მოახდინა გერმანელი კოლონისტების დანატოვარმა მემკვიდრეობამ. “სადგურმა” განსაკუთრებით პოზიტიური გავლენა მოახდინა სოფელ ასურეთზე, მასში დასაქმებული 15-მდე თანამშრომელი ადგილობრივია, გარდა ამისა, კვების მომსახურებაში გამოყენებული სურსათის უდიდესი ნაწილის და ღვინის შეძენაც ადგილზე ხდება ადგილობრივი მოსახლეობისგან. “სადგურის” მიერ მოზიდული ტურისტები სტუმრობენ სოფლის ცენტრს, გერმანულ უბანს და შესაბამისად, ხელს უწყობენ სოფლის დანარჩენი ნაწილის განვითარებას.
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება კი ონლაინ საყიდლების პლატფორმა Veli.store-ს აღმოაჩნდა. ველი 2022 წლის იანვარში გამოჩნდა ბაზარზე და მასში პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეძენა ერთ სივრცეშია შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ველიზე საყიდლების შეგროვება 14 კატეგორიიდანაა შესაძლებელი, ესენია: ტექნიკა, წიგნები, სილამაზე & თავის მოვლა, სახლის მოწყობა, საკანცელარიო ნივთები, ბარი&მეტი და სახლის მოვლა. კომპანიის შექმნის მიზანი და სტრატეგიული ხედვა, საყიდლების ონლაინ შეძენისას საუკეთესო გამოცდილების დანერგვაა და პირველი დღიდანვე გუნდი სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა. კომპანიის ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე, უმტკივნეულო და კომფორტული სერვისის შექმნისას, რაც ითარგმნება: მარტივი და კომფორტული UX – მომხმარებელი სულ რამდენიმე ღილაკის დაჭერით რეგისტრირდება პლატფორმაზე და ყიდულობს პროდუქტს. მას არ უწევს არასაჭირო ინფორმაციის შეყვანა.
"ჩვენი ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე" - Veli.store "თიბისის" ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია
"ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებას ნამდვილად ველით, რადგან "ველისთორი" შეიქმნა მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის".
განმეორებითი შეძენა სხვადასხვა მისამართზე ძალიან მარტივია, რადგან მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მისამართის და ამავდროულად საკუთარი მონაცემების და საბანკო ბარათების დამახსოვრება. მარტივი საძიებო სისტემა, რომელიც რამდენიმე წამს წაგართმევთ – ყველა პროდუქტს სისტემაში გაწერილი აქვს სხვადასხვა საძიებო თაგი, რომლითაც მომხმარებელი შესაძლოა ეძებდეს სასურველ პროდუქტს. ამ მექანიზმის დახმარებით, Veli.store-ზე მომხმარებელი მარტივად პოულობს სასურველ ნივთს, ნებისმიერი მასთან დაკავშირებული სიტყვის ჩაწერისას. სწრაფი და კომფორტული მიტანის სერვისი: მომხმარებელი თავად ირჩევს დროის მონაკვეთს, რომელშიც სურს რომ მიიღოს შეკვეთა. მსგავსი ფუნქციონალი ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულის დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომფორტულად სასურველ დროს შეუკვეთოს პროდუქტი და არ იღელვოს იმაზე, იქნება თუ არა ადგილზე მაშინ, როდესაც კურიერი ამანათს მოიტანს. მოტანის პროცესის გამჭვირვალეობა – შეკვეთის მომენტიდან შეკვეთის ჩაბარებამდე მომხმარებელი ყველა ეტაპზე იღებს SMS და email-ით ინფორმაციას მისი შეკვეთის სტატუსის შესახებ. უფასო მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით – რაც დამატებით კომფორტს ქმნის ყველა მომხმარებლისთვის. მარტივი და უმტკივნეულო დაბრუნების პროცესი – თუ პროდუქტი ის არ აღმოჩნდა, რასაც მომხმარებელი ელოდა, მას მარტივად შეუძლია დააბრუნოს პროდუქტი და დაიბრუნოს თანხა. ძლიერი საოპერაციო სისტემა, რომელიც შემდეგი ღერძებისგან შედგება: ყველა პროდუქტი, რომელსაც ველი ყიდის მოთავსებულია ველის დიდ საწყობში. საოპერაციო სოფტის დახმარებით, პროდუქტის აღებას და მომხმარებლისთვის გასაგზავნად მომზადებას სულ რაღაც 1 წუთი სჭირდება. საკუთარი საკურიერო სერვისი – რომელიც სხვადასხვა უბნებზე არის დანიშნული, რაც უზრუნველყოფს შენაძენის 3 საათში მომხმარებელთან მიწოდებას. მომხმარებელზე ფოკუსირებული გუნდი – კომპანიაში ყველა თანამშრომელი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მომხმარებელთან პირდაპირი შეხება აქვთ გადიან ინტენსიურ გადასამზადებელ კურსებს კვარტალში ერთხელ. იმ გუნდებს, რომლებსაც მომხმარებელთან უშუალო შეხება აქვთ მუდმივად უტარდებათ პიროვნული უნარების ტრენინგებიც. ყველა მიდგომა, რომელსაც კომპანია იყენებს სტანდარტიზებულია ტექნოლოგიურად, რაც ნიშნავს, რომ გამოცდილება არის კონსისტენტური გადაცდომების გარეშე. სწორედ მომსახურების ხარისხის ერთგვაროვნება იწვევს მომხმარებელთა კმაყოფილ შეფასებებს როგორც facebook, ასევე google-ის პლატფორმებზე.
გარდა აღნიშნული ნომინაციებისა, წელს ბიზნეს დაჯილდოებას ორი განსაკუთრებული ჯილდო დაემატა. საქართველოში გაეროს ქალთა ფონდის მიერ დაწესებული ჯილდო – გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის კომპანია „ედენას“ გადაეცა; ხოლო მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისათვის შპს „სიდერი“ დაჯილდოვდა Global Climate Partnership Fund-ის მიერ დაწესებული ჯილდოთი.
ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი 2022 წელს თიბისის ბიზნეს დაჯილდოებამ „თეგეტა ჰოლდინგი“ დაჯილდოვდა.
თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ატარებს. 2016 წლიდან დღემდე დაჯილდოებაში მონაწილეობა 3000-მდე კომპანიამ მიიღო. წელს, დაჯილდოებაში რეკორდულად ბევრი, 412 კომპანია მონაწილეობდა.