„მოქალაქეების” ლიდერისა და დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც მინისტრმა, „თავი ვერაფერს მოაბა და მხოლოდ რამდენიმე გაუგებარი სიტყვა ლექსიკონში დაამკვიდრა.“
“ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა და ჩინურ ვაქცინაზეც კი ვერ ახერხებდა რეგისტრაციას – ასე პორცია- პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! – განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა. მისი თქმით, დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის მოსმენისას, მინისტრთან ძირითადი კითხვები ვაქცინაციაზე ექნებათ.
„გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრძვის ვაქცინაციას და არავის უნდა ვაქცინა, არ დადასტურდა.
ხალხი კისრისტეხით რეგისტრირდებოდა გუშინ და ვერ ახერხებდა ჩინურ ვაქცინაზეც კი რეგისტრაციას, რომელზეც თითქოს ყველა ფეხს ითრევდა. მთავარი კითხვა არის, რომ ასე პორცია – პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! რატომ ვერ მოაბა თავი ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ მთლიანად, რომ საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ.
ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ვერაფერს მოაბა თავი, ჩვენს ლექსიკონში რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა – რაღაც გაუგებარი “საწოლფონდი” და მსგავსი, ეს არის და ეს. ვხედავთ ჯანდაცვის სისტემა როგორი გაუმართავია და ვაქცინაცია არის კატასტროფა, 5-5 ცალი ჩამოიტანეს მთელი ამ ხნის განმავლობაში,”- განაცხადა ელისაშვილმა.