ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლმაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია ეხმიანება და აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძისთვის ამ კრიტიკულ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა სიმშვიდის მომტანი არ იქნებოდა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა
როგორც ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განმარტა, ბოლოდროინდელი მოვლენები ამ შედეგისკენ მიდიოდა და ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
ეკა ბესელია ტიკარაძის „ქართული ოცნების“ პარტიაში დარჩენასაც ეხმიანება და ამბობს რომ „ეს არის ზედმეტი ხმაურის თავიდან აცილების გამოსავალი“.
„ალბათ არ იყო მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება. ბოლოდროინდელი მოვლენები ამ შედეგისკენ მიდიოდა. შეიძლება სხვა რამეებიც იყოს მიზეზი და არამარტო კოვიდის თემა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს კარგი შვება იქნება თავად ქალბატონი ტიკარაძისთვის იმიტომ, რომ არა მგონია მისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა პიროვნულად სიმშვიდის მომტანი ყოფილიყო.
რაც შეეხება პარტიის შეთავაზებას, ეს დროებითი გაჩერებაა ხოლმე, ასე იყო ადრეც, როდესაც ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. ეს იყო დროებითი თავშესაფარი, პრობლემის გადაჭრის დროებითი გზა, ეს არის ზედმეტი ხმაურის თავიდან აცილების გამოსავალი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.