LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტურები, წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება” – რას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და რა გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ?

200
თინა ბოკუჩავა

„8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან და ამასთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა

ბოკუჩავას განცხადებით, მას ექნება პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა” მისი თავმჯდომარეობით შევიდეს.

მისივე თქმით, ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობენ ყველაფერს, რაც მათ გააერთიანებს, რადგან ბოკუჩავას განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა „რეჟიმის“ წინააღმდეგ:

„იცით, რომ პოლიტიკური საბჭო არის „ნაციონალური მოძრაობის” მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. ეს არის სათათბირო ორგანო და ამიტომ, შიდაპარტიული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება განვიხილოთ სწორედ, პოლიტსაბჭოს ფორმატში.

8 ივლისს ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთგვარი, პრეზენტაცია და ასევე, ყრილობის ნაწილი იქნება, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარესთან და ამასთან, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან დაკავშირებითაც. ამასთან, სხვა სიახლეებზეც, რომელსაც ძალიან მალე მოისმენს და დაინახავს საზოგადოება. შევიკრიბეთ დღეს, რადგან მივიღოთ გადაწყვეტილებები.

იცით, ლევან ხაბეიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესთავაზოს, იყოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. მე მექნება პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებზე შევიდეთ ჩემი ხელმძღვანელობით და ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში.

რაც შეეხება კონფიგურაციებს, იცით, რომ არსებობს ბრიუსელის ოპოზიციური ერთობის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის, ხელი მოაწერა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5 სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში იყოს საერთო ოპოზიციური ფრონტი. ამიტომ, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ, რომ ერთობა შედგეს”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, რას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს“, მისივე განცხადებით, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს წითელი ხაზი [ბიძინა] ივანიშვილის „რეჟიმის“ დამარცხება:

„რას ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს? ყველაფერს, რაც გაგვაერთიანებს იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოიხსენიებენ, როგორც რუსულ ჰიბრიდულ ოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ევროპული არჩევანი. ეს არის მოცემულობა და ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ მას.

ხალხო, მოდით ვიყოთ რეალისტურები. წითელი ხაზი ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის უნდა იყოს [ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება”- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g