LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა – მოვუწოდებთ ევროპულ პარლამენტს, დარწმუნდნენ იმაში, რომ  საგამოძიებო მისიის მანდატი და შემადგენლობა იქნება ისეთი, რომ გამოავლინოს გაყალბების მასშტაბები, რომლითაც არჩევნების შედეგების შეცვლა მოხდა

164
Capture

„ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება არჩევნების შედეგების მიმართ. ეს არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. არჩევნები გაყალბდა არაერთი გზით, მასიური სქემების გამოყენებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმების ჩართვა, რომელიც ადგილზე იქნება გამოყენებული ევროკავშირის მიერ საქართველოში, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა შეისწავლოს გაყალბების მასშტაბები.

„ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული კურსისათვის, რომელიც რა თქმა უნდა, დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ, რაც მოიპარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ეს არ არის არჩევნები, რომელიც მოპარეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მოპარეს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და სწორედ ამიტომ უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამას რუსული სპეცოპერაცია, ჰიბრიდული ომის წარმოების გზა ქართველი ხალხისა და მისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება ამ არჩევნების შედეგების მიმართ. ეს არჩევნები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. არჩევნები გაყალბდა არაერთი გზით, მასიური სქემების გამოყენებით. შედეგები არ უნდა იქნას ლეგიტიმურად ცნობილი და საერთაშორისო საზოგადოება უნდა იდგეს ქართველი ხალხის გვერდით მათ მისწრაფებაში, რომ გამოხატონ საკუთარი არჩევანი და ჰქონდეთ თავისუფლება, რომ შეინარჩუნონ და მოიპოვონ ევროპული მომავალი, რომელიც არის საფრთხის ქვეშ. არაერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლების მიერ და მტკიცებულებები კიდევ უფრო იზრდება.

ჩვენი აზრით, საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმების ჩართვა აუცილებელია, რომელიც ადგილზე იქნება გამოყენებული ევროკავშირის მიერ საქართველოში, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე, რათა შეისწავლოს გაყალბების მასშტაბები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროპულ პარლამენტს იმ რეზოლუციის ჩათვლით, რომელიც იქნება მიღებული ხუთშაბათს, დარწმუნდნენ იმაში, რომ მანდატი და შემადგენლობა ამ საგამოძიებო მისიისა იქნება ისეთი, რომ ზეგავლენა მოახდინოს და გამოავლინოს გაყალბების მასშტაბები, რომლითაც მოხდა არჩევნების შედეგების შეცვლა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი განახორციელებს მძლავრ პოლიტიკურ ქმედებებს, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან „ საქართველოს ვერ ექნება ევროპული მომავალი პოლიტიკური პატიმრებით“.

განცხადების თარგმანი „მთავარ არხს” ეკუთვნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g