LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორჩო: „დავამტკიცე, რომ შეიძლება არავინ გყავდეს და მაინც მიაღწიო წარმატებას…“

9981
თორჩო

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“, რომლის წამყვანიც გიგა ბატკუაშვილია, მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე (თორჩო) ესტუმრა, რომელმაც თავის ახალ ჰიტზე და საინტერესო გეგმებზე ისაუბრა.

ფიქრობდი თუ არა, რომ შენი სიმღერა, „გეწყინა“, ასეთი პოპულარული გახდებოდა და ასე აიტაცებდნენ სოციალურ ქსელებში?

არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ კი, ასე ვფიქრობდი, ვიცოდი, რომ ასე აიტაცებდა მას ხალხი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებისგან.

მოგვიყევი შენს ბავშვობაზე

მგონია, რომ ბავშვობიდანვე ძალიან გამიმართლა, ვიცოდი, რაც მინდოდა. სულ წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ სცენაზე ვიდექი. პირველად ჩემს პედაგოგთან, ლია ლეჟავასთან გავიხსენი… ის გარდაიცვალა, მაგრამ თითქოს სულ მომყვება. სიმღერა 10 წლიდან დავიწყე. 12 წლის ვიყავი, როცა პროექტ „ანა-ბანაში“ პირველი ადგილი ავიღე. მაშინ მითი იყო, რომ რიგითი ადამიანი ვერაფერს მიაღწევდა, თუმცა დავამტკიცე, რომ შეიძლება არავინ გყავდეს და მაინც მიაღწიო წარმატებას… შემდეგ ხმა დავკარგე გარდატეხის ასაკში, ძალიან განვიცადე, თუმცა მშობლები ჩემ გვერდში იყვნენ და მამხნევებდნენ.

შემდეგ გქონდა გამონათება და მოიარე მსოფლიო

დიახ, ასე მოხდა… ჯგუფი „ქუინთესენსი“ ჩამოვაყალიბეთ და მოვიარეთ მსოფლიო, დავდიოდით კონკურსებზე, ფესტივალებზე და ისე ხდებოდა, რომ საპრიზო ადგილებს ვიკავებდით ხოლმე. არც კი იცოდა ბევრმა, სად იყო საქართველო. ჩვენ გვსურდა, საქართველოს, ქართული კულტურის, ფოლკის შესახებ რაც შეიძლება ბევრს სცოდნოდა. ბოლოს დავიშალეთ, დაემთხვა კორონაც, ორი წელი გაჩერებული ვიყავით, ყველას გვჭირდებოდა საკუთარი შემოსავალი.

შენს ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა ახალი წლის ღამეს

კი, მამა გულის მწვავე ინფარქტით უეცრად გარდაიცვალა, 2020 წლის 31 დეკემბერი იყო. კონცერტზე წასასვლელად ვემზადებოდი. დედაჩემი და მე შევესწარით ამას, სრული შოკი იყო. იყო რთული პერიოდებიც, ყავას დავატარებდი, 20 ლარს მიხდიდნენ დღეში. ეს არსად მომიყოლია, იმედია არ დამაჯარიმებენ ახლა, რადგან 11 წლის ვიყავი. როცა მე და დედა ავტობუსში ავდიოდით, ბილეთს არ ვიღებდით ხოლმე. ძალიან ვნერვიულობდით, დედა კი მამშვიდებდა, არა უშავს, გავა დრო და ამას ინტერვიუებში მოჰყვებიო.

კიდევ ერთი წარმატება ლელა წურწუმიასთან ბექებში სიმღერა იყო, მოგვიყევი ამ პერიოდზე

დიახ, იქ გავატარე 6 წელი, ძალიან საინტერესო იყო. ლელა და მამულიჩა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მეგობრები არიან და იქნებიან. ყველას ჰგონია, რომ რაღაც მოხდა და ამიტომ წამოვედი, თუმცა არაფერი მომხდარა.

შენ და კრიტიკა…

ბავშვობიდანვე მიჩვეული ვარ კრიტიკას, თრევას, ყოველ დღე დირექტორთან ვიყავი დაბარებული, ჩემი არაორდინარული ქცევისა და ჩაცმულობის გამო. არასდროს მქონდა სინანულის განცდა.

რა გეგმები გაქვს, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მათ, ვინც დამეხმარა. ერთი სიმღერა უკვე მალე იქნება, მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ ალბომზე, ბევრი ტრეკი იქნება მასში წარმოდგენილი. სინგლის პრემიერა თქვენს ეთერში იქნება და არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ წინ კიდევ ერთი აფეთქება გველოდება. მიხარია ხოლმე, როცა ქართველ არტისტებს მადარებენ, მაგალითად, სტეფანეს, ასევე მადარებენ ჰარი სტაილსს, პრინსს, მიკას… რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არაფერი ხდება, უკვე რამდენიმე წელია, ასე ვარ და ეს ძალიანაც მომწონს.

გიორგი თორაძე გადაცემის წამყვანთან, გიგა ბატკუაშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები