LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი სატელეფონო ბაზა საფრთხეშია – მობილური აპლიკაცია მონაცემებს ასაჯაროვებს

თქვენს მობილურში არსებული სატელეფონო ბაზა,  კონტაქტების ზუსტი დასახელებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.  მობილური აპლიკაცია,  რომელიც ტელეფონის ნომრის მეშვეობით პირის ვინაობას ადგენს, შესაბამის პლათფორმაზეა განთავსებული.

აპლიკაციის აღწერილობაში ნათქვამია, რომ „ამპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, მოძებნოთ, ვის ეკუთვნის მობილურის ნომერი.   აპლიკაციას  გააჩნია უდიდესი ქართული სატელეფონო ბაზა,  რაც გაძლევთ საშუალებას, მოძებნოთ, თითქმის, ყველა მობილურის ნომრის მფლობელი, ხშირ შემთხვევაში, იძებნება სურათიც“.

აპლიკაციის კონფიდენციალურიობის განაცხადში (Privacy   Policy)  მითითებულია, რომ აპლიკაცია ჩვენს ბაზას ჩვენივე ნებართვის შემდეგ იყენებს, თუმცა, აღსანიშნავია,  რომ ასეთ დროს საჯაროვდება არამარტო თქვენი, არამედ თქვენს სატელეფონო ბაზაში არსებული  პირების ინფორმაცია.

სატესტო ცდებისას მარტივად ხელმისაწვდომი გახდა ცნობები პირის  სამსახურის,  ავტომობილის მარკის, პირადი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ. (აპლიკაციის სახელწოდებას და ცდის სქრინებს შეგნებულად არ ვასაჯაროვებთ). 

მობილური აპლიკაციის მეშვეობოთ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის შესახებ ცნობილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვისაც. საკითხის   შესწავლისას   აპარატმა   დაადგინა,  რომ აპლიკაციის მეშვეობით ტელეფონის ნომრის ჩაწერისას  მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდებოდა ისეთი მონაცემები, როგორიცაა პირის სოციალური ქსელის მისამართი, სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი  და სხვა მონაცემები.

 აპლიკაციის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, პერსონალურ   მონაცემთა  შემცველი  მონაცემთა  ბაზების  დანაშაულებრივი  გზით მოპოვებას,  – ნათქვამია აპარატიდან  „ფორტუნასთვის „  გადმოგზავნილ ოფიცილურ განცხადებაში.

 

გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლითაა დაწყებული

პერსონალურ მონაცემთა დაცვის  აპარატმა შემთხვევა სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციის საკითხად მიიჩნია.

როგორც „ფორტუნამ“ გაარკვია,  მობილურ აპლიკაციაზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო .

„ ვინაიდან საქმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო,  სისხლის სამართლის 284 მუხლი, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევს გულისხმობს და 158 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები – კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევა. გამოძიება მიმდინარეობს,  ხდება ფაქტების მოკვლევა,“ – განმარტეს შსს-ს პრესსამსახურში.

რა მეთოდებით მოიპოვებენ სატელეფონო ბაზას,  ამ კითხვით „ფორტუნამ“ აპლიკაციის ელექტრონულ მისამართზე მითითებულ პიროვნებასაც მიმართა. პასუხის შემთხვევაში სტატიაში მათი პოზიციაც აისახება.

 

როგორ დავიცვათ პერსონალური მონაცემები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის რეკომენდაციით,

თითოეულმა   პირმა   სიფრთხილე   უნდა   გამოიჩინოს   არა   მხოლოდ   საკუთარი, არამედ   სხვისი   პერსონალური   მონაცემების   გამჟღავნებისას   და   მესამე   პირებისთვის ინფორმაციის გადაცემამდე მიზანშეწონილია იზრუნოს მასთან დაკავშირებული პირების პერსონალური   მონაცემების   დაცვაზე.  სხვადასხვა  სერვისის მიღებისას თანხმობის გამოხატვამდე საჭიროა, გაეცნოს ინფორმაციას მონაცემთა  დამუშავების  წესების  შესახებ, რომელიც, როგორც წესი, მოცემულია კონფიდენციალურობის  შესახებ  განაცხადში (Privacy   Policy).

იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ პირადი ინფორმაცია უკანონო გზითაა მოპოვებული, პირს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს როგორც მონაცემთა დაცვის აპარატს, ასევე სამართალდამცველ უწყებას.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g