ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ საქართველოში, თბილისსა და თუ სხვა ქალაქებში მინიმუმ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მოხდეს, მათი ნაწილი კი ადამიანების გარდაცვალებით სრულდება. სად არის გამოსავალი, რა არის შესაცვლელი კანონში და არის თუ არა პრობლემა მისი აღსრულება – “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი გადაცემის – “კანონის ფარგლებში” სტუმარია.
– რა ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ბოლო ერთი წლის ვითარებაზე, გაიზარდა თუ შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები?
– სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რიცხვი – 16%-ით და საგზაო შემთხვევები 17%-ით გაიზარდა, რაც გვეუბნება, რომ რაღაც გასაკეთებელია. რაც შეეხება შემთხვევებს, კონკრეტული ფაქტი რომ ავიღოთ, 8 წლის ბიჭის შემთხვევა შარტავას ქუჩაზე – როცა ვიგებთ, რომ ეს დილით ხდება, არადა მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ დროს მაინც უფრო მშვიდად უნდა ვიაროთ , მძღოლი კი ისე დადის, რაც ვნახეთ, ეს ნიშნავს, რომ მძღოლს არ აქვს განცდა, რომ მის ასეთ აგრესიულ ქმედებას რეაგირება მოჰყვება. ქულათა სისტემა სწორედ ამ ტიპის მძღოლებისთვის მივიღეთ, რომელსაც არც ცნობიერების ამაღლება და არც ჯარიმა შველით.
– ჯარიმა, ფაქტია ხშირად არ არის ეფექტიანი, ბევრი ადამიანია, ვისაც შეუძლია გადაიხადოს და მეორე დღესვე დაარღვიოს, რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი, პრობლემა რეგულაციებია თუ აღსრულება?
ჯარიმა რაღაც გონივრულ ზღვრამდე უნდა იყოს, მხოლოდ ასეთი მძღოლები ხომ არ ჯარიმდებიან. ქულები უნდა იყოს ჭკვიან კამერებთან მიბმული. ყველაფერი უნდა აღირიცხებოდეს ჭკვიანი კამერების მიერ, ფულად ჯარიმასთან ერთად უნდა აკლდებოდეს ქულები. ეს არის ყველაზე სწრაფად შესაცვლელი
– უნდა იყოს თუ არა, რანჟირება, იმიტომ რომ შეიძლება გადააჭარბა სიჩქარეს, მაგრამ არ შეუქმნა საფრთხე არავის?
– რა თქმა უნდა, ახლაც არის გარკვეული რანჟირება. არის ამ მხრივ გამოცდილება სხვა ქვეყნებშიც, შეიძლება ოდნავ გადააცილოს , მაგრამ არ შექმნას საფრთხე. როცა შემთხვევითი არაა, მას უფრო მეტი ქულა უნდა ჩამოეჭრას. სწორედ მათთვისა, ვისაც შეუძლია გადახდა 1000 ლარისაც, მას ჩამოეჭრება ქულები და დაკარგავს მართვის უფლებას.
– აღსრულების ნაწილშიც არის თუ არა პრობლემა?
– ზოგადად საპატრულო პოლიცია ბევრ საგზაო დარღვევაზე ფიზიკურად ვერ შეძლებს რეაგირებას, ის სხვა დარღვევებზეც რეაგირებს. რატომ არსებობს ჭკვიანი კამერები, რომელ ქვეყანაში ხდება პოლიციის ხელით ამის აღრიცხვა. ყველა ადამიანი ვართ და თუ შევქმნით იმ გარემოს, რომ ადამიანი იყოს გაფრთხილებული, რომ ნებისმიერ დარღვევაზე პასუხი გაეცემა, მერე ის უკვე ფრთხილად იქნება და ჩვევა გამოუმუშავდება.
– უნდა იყოს თუ არა გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ მართვის მოწმობის ჩამორთმევა, ახლა მგონი მხოლოდ ნასვამ მდგომარეობაში ხდება ამ უფლების გაუქმება?
– პირდაპირ მართვის მოწმობა მხოლოდ მაშინ ჩამოერთმევა, თუ პირი ნასვამ მდგომარეობაშია. მთავარია, იცოდეს, რომ ყველა დარღვევაზე იქნება პასუხი მოთხოვნილი. რამდენიმე დარღვევა და მას მართვის უფლება ქულების ამოწურვის შემდეგ ჩამოერთმევა.