LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსპორტი ხმოვანი სიგნალებით,ელექტრონული დაფებით – რით ჩაანაცვლებს მერია ყვითელ ავტობუსებს

97

ე.წ. ყვითელ ავტობუსებს შემოდგომიდან ახალი, შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსები ჩაანაცვლებს. ახალი ავტობუსები აღჭურვილი იქნება ხმოვანი და ელექტრონული საინფორმაციო დაფებით, სპეციალურად შშმ პირების კომფორტული გადაადგილებისთვის. ამასთან, ტრანსპორტი იქნება დაბალძირიანი, სპეციალური პანდუსით და ადაპტირებული დასაჯდომი ადგილებით – ამის შესახებ რადიო ”ავტორადიოს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ექსპლუატაციის დირექტორმა გიორგი ბელთაძემ განუცხადა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, გიორგი ბელთაძის ინფორმაციითვე, ახალი ავტობუსები აღჭურვილი იქნება ევრო 6-ის ემისიის ძრავით, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი მავნე აირების გამონაბოლქვი ატმოსფეროში, რაც თავის მხრივ დედაქალაქში ეკოლოგიური დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს.

პირველ ეტაპზე საპტრანსპორტო პარკი 150 ავტობუსით განახლდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და ახალი ავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებას შემოდგომიდან მოემსახურება. ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეტაპობრივად შეიცვლება.