ბორჯღალოსნებმა წლის დასკვნით მატჩში მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფ შოტლანდიას ორი ლელო დაუდეს და ტიერ1-ის წარმომადგენელთან მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს.
შოტლანდია – საქართველო 43:16 (31:11)
კარგი იქნებოდა ჩვენს გუნდს მასპინძლებზე ასეთი წნეხი პირველ ტაიმში განეხორციელებინათ. თუმცა ეს თამაში აქტივში უნდა ჩაიწეროს, რადგან გუნდმა შეიძინა უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება, რისი საშუალებაც მხოლოდ ბოლო 4-5 წელია და ისიც წელიწადში ერთხელ გვეძლევა.
ეს იყო თამაში, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული რაგბი განვითარების სწორ გზაზე დგას და საჭირო ხელშეწყობის შედეგად, რაც სხვა დანარჩენთან ერთად უმაღლეს დონეზე ხშირ თამაშს გულისხმობს.
კილმარნოკში გამართული შეხვედრა ორ ნაწილად უნდა დაიყოს: პირველი ტაიმი – ბურთის ფლობა 86-14-ზე, ხოლო ტერიტორია 91-9-ზე მეტოქის სასარგებლოდ და მეორე 40 წუთი, რომლის დროსაც სურათი შეიცვალა და ბორჯღალოსნები დომინირებდნენ – 62-38-ზე ბურთის ფლობა და 63-37-ზე ტერიტორია. მაგრამ სწორედ გამოცდილების და უფრო მაღალი სათამაშო კლასის ხარჯზე, მასპინძლებმა პირველი ნახევარი 31-11 მოიგეს, ხოლო ქართველებმა მეორე 5-12 დათმეს.
მატჩის დებიუტი ძალიან კარგი იყო. მამუკა გორგოძემ რაქში საუცხოოდ ითამაშა და მეტოქე დააჯარიმა, დერეფანში ბურთი გიორგი ნემსაძემ მოიგო, ვასილ ლობჟანიძემ მოლიდან გადმოვარდნილი ბურთი რთულ სიტუაციაში აიტაცა, მაგრამ ისეთი გამოსავალი მოძებნა, რომ მცველებს შანსი არ დაუტოვა და ალამთან წარმოუდგენელი ლელო დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა.
სამწუხაროდ, მასპინძლებისგან სწრაფი პასუხი მივიღეთ. ისინი ბურთს ხშირად გვიკიდებდნენ, ფლანგებზე უპირატესობის მოპოვებას სისწრაფის ხარჯზე ცდილობდნენ და იერიშებს უმთავრესად ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგიდან ანხორციელებდნენ. მე-8 წუთზე ამან შედეგი გამოიღო, სტიუარტ ჰოგმა ფეხით გადაკიდა, ბურთს ტომი სიმორი მიყვა და დაამიწა, ხოლო გრეიგ ლეიდლოუმ რთული პოზიციიდან გარდასახვა შეასრულა.
მე-15 წუთზე მასპინძლებმა წითელ ზოლში მოლი ააგორეს, არბიტრმა კოტე მიქაუტაძე მისი ჩაქცევისთვის გაასინბინა და საჯარიმო ლელო ჩათვალა. ლეიდლოუს გარდასახვა ზუსტი იყო, თუმცა მალევე მას კვირიკაშვილმა 33 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა – 14-8. დაკიდებული ბურთი შოტლანდიელება აიღეს, სისწრაფის ხარჯზე კაცნაკლული დაცვა გაჭრეს და შონ მეითლენდის ლელო ლეიდლოუმ გარდასახა.
ნარშავები ბორჯღალოსნებს მაქსიმალურად მობილიზებული რომ ხვდებოდნენ თავიდანვე ვიცოდით და ეს 28-ე წუთზე უფრო თვალსაჩინო გახდა. მიუხედავად 13-ქულიანი უპირატესობისა, ლეიდლოუმ ჯარიმა კარში დაარტყა და გაიტანა. ჩვენმა შერკინებამ მალევე საპასუხო ჯარიმა გამოიმუშავა და ის კვირიკაშვილმა 3 ქულად აქცია. ტაიმის ბოლოს ლევან ჩილაჩავამ თერნოვერი გაახერხა და შეტევაზე გადავედით, მაგრამ არაზუსტ გადაცემას შეცდომა მოყვა, ჰოგმაც ფეხით მოკლეზე გადაიკიდა, თავადვე აიღო და ლელო დაამიწა, ხოლო ლეიდლოუმ გარდასახა – 31-11.
მეორე ტაიმი შოტლანდიელების ლელოთი დაიწყო. მათ 5-მეტრა დერეფნის მოგების შემდეგ, მოლოს დაყენების ნაცვლად მოკლე ფრთაზე ჰემიშ ვოთსონს შეატევინეს და ბექა წიკლაურმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხა. აი აქ ბორჯღალოსნებმა თავზე ხელი აიღეს და მეტოქეს დაანახეს რა შეუძლიათ. ფაზების აკინძვას ჯარიმა მოყვა, თუმცა კარში დარტყმას აზრი არ ჰქონდა და დერეფნის შემდეგ მოლში დავჯარიმდით. მერე ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ მეტოქის დერეფანი და ფაქტობრივად ჩვენი 22-იდან დაწყებული შეტევა, შოტლანდიამ თავისი ლელოდან 5 მეტრში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. შერკინების არჩევამ რა თქმა უნდა შედეგი გამოიღო და მართალია ლაშა ლომიძეს დამიწება ლეიდლოუმ არ აცალა, რომელიც წესებს არღვევდა, მაგრამ იქვე ლობჟანიძე გაჩნდა და ბურთიანად ლელოში შეხტა.
კილმარნოკის რაგბი პარკზე მრავლად მისული ქართველი ქომაგის შეძახილებით გამხნევებულმა ბორჯღალოსნებმა, მეორე ტაიმის შუაში 18 ფაზა აკინძეს. 75-ე წუთზე ლობჟანიძემ აიღო გადაკიდებული ბურთი, რაქიდან გორგოძემ ჩვეულ სტილში შეუტია, გიორგი ბეგაძე მას კარგად მიყვა და ლაშა მალაღურაძემ გრძელი პასით გარღვევაზე ლობჟანიძე გაიყვანა, თუმცა მცველებმა მას ჰეთ თრიკის შესრულება არ დაანებეს და ლელოდან 3-4 მეტრში აუტში გადაიყვანეს.
ასეთი უპირატესობის ფონზე, 77-ე წუთზე ალოგიკური ლელო მივიღეთ. მასპინძლებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს, საკუთარი 22-დან ხელდახელ შეუტიეს და ჰოგმა დუბლი შეასრულა – 43-16 შოტლანდიის.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
მილტონ ჰეიგი: „პირველი ტაიმი გულდასაწყვეტი იყო, რის შემდეგაც მოგება-წაგებაზე ფიქრი ზედმეტი იყო და უბრალოდ უნდა გვენახებინა რა შეგვეძლო. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა გვებრძოლა და ჩვენ ეს ნამდვილად მოვახერხეთ. ვაღიარებ – პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით და მეტოქეს თავად მივეცით ქულების ადვილად მოპოვების შესაძლებლობა.
შოტლანდია ძლიერი, გამოცდილი გუნდია და მისი ძალის შეფასებისას არ შევმცდარვართ. ნოემბერში ჩვენ იაპონიას და სამოას ვეთამაშეთ, შოტლანდია – ავსტრალიას და არგენტინას. დონეთა სხვაობა ძალიან დიდია და ეს პირველ ტაიმში თვალში საცემი იყო.
თებერვალ-მარტში გერმანიასთან და ბელგიასთან მოგვიწევს თამაში, შოტლანდიას უელსთან, ინგლისთან, ირლანდიასთან და საფრანგეთთან. თუ სისტემატურად არ მოგვეცემა ელიტური ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა, შოტლანდიის მსგავს გუნდთან გათანაბრება გაგვიჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს თამაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, შერკინებასა და მოლში კარგი თამაშით, ქართული რაგბის ძალა ვაჩვენეთ“.
მამუკა გორგოძე: „საქართველოს ნაკრების ცალკეულ მოთამაშეებს ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ როგორც გუნდს ეს გამოცდილება გვაკლია. მსგავსი შანსი ხშირად უნდა გვქონდეს. დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ კუთხით ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო“.
ვერნ კოტერი: „პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, ბურთი ხელიდან არ გაგვიშვია და მეტოქეს კონტრშეტევის საშუალება ფაქტობრივად არ ჰქონია. ეს ანგარიშზეც აისახა, მეორე ტაიმში კი, ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდით. შესვენების შემდეგ ჩვენზე რთული პირობებიც აისახა – სველი ბურთი, სიცივე და ხელით თამაში აღარ გამოგვივიდა. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და სტაბილურად ვითარდება. დღევანდელმა თამაშმა გვაჩვენა, რომ შოტლანდიაც მოწოდების სიმაღლეზეა – პირველ ტაიმში მიღწეული ქულათა სხვაობა, ბურთის უპირობო კონტროლი და გატანილი ლელოები, მომავალი ექვსი ერის წინ თავდაჯერებულობის საფუძველს გვაძლევს. რა თქმა უნდა, ამ თამაშის რეალისტური შეფასება და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა აუცილებელია“.