სხვადასხვა წრეებზე – ცეკვა, მუსიკა, სპორტის სახეობები ან სხვა აქტივობები – კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება.
სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ამასთან, აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია.
აუცილებელია ინსტრუმენტების და სხვა საჭირო ნივთების ხშირი დეზინფექცია (მიკროფონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი).
ასევე გაიცემა რეკომენდაცია, რომ შესაძლებლობის მიხედვით, 10 ადამიანის სარეპეტიციო საქმიანობა დაიშვას ერთ სივრცეში, რეკომენდებულია 10-ზე მეტი ადამიანის დამატების შემთხვევაში სარეპეტიციო სივრცეში 5 კვ/მ ზე 1 პირი განთავსდეს.
შესაძლებელია დიდ სივრცეში იყოს 20 ბავშვი, თუ შესაბამისი დისტანცია იქნება დაცული.
ტემპერატურის ან სხვა რაიმე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, სიმპტომების მქონე პირებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“ უნდა მიმართონ.
„სხვადასხვა სექტორისთვის განსაზღვრულია რეკომენდაციები. რეგულირდება სამუზეუმო, შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებები, ამისთვის კი გამოყოფილია სპეციალური თავი, სადაც სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციებია თავმოყრილი”, – აღნიშნავს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.
რეკომენდაციებში სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის პერიოდულად განხორციელების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.