ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ თუ მას დაარწმუნებენ და ექიმები გადაწყვეტენ, რომ მისთვის აცრა სასარგებლოა, ის მზად არის კამერების წინაშე აიცრას.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა პირებმა აცრის შესახებ საზოგადოებას საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ. მეუფე ნიკოლოზი მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ მისივე თქმით, ეს ერთი შემთხვევა ვაქცინის ამოღების საფუძველი არ უნდა გახდეს.
„მე მივმართე ტელევიზიით, პირადადაც ვესაუბრე ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, აღარ დავაზუსტებ, რა და როგორ. მინდა ყველას ვთხოვო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, თუ შეიძლება ყოველგვარი შელამაზების, გადასხვაფერების გარეშე, ზუსტად აგვიხსნათ რა ვაქცინებზეა საუბარი, შემადგენლობა, მოქმედება, რომელი ქვეყნები იყენებენ, სად, რა შედეგებია. რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ. ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ასეთი მოვლენები ხდება. ეს ერთი შემთხვევა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვაქცინა გამოყენებიდან ამოვიღოთ, მოხდა ასეთი რამ და ძალიან სამწუხაროა. მე ექიმებსაც ვუთხარი და თქვენც მინდა გითხრათ, თუ დამარწმუნებენ კამერების წინაშე, ამიხსნიან კარგად რა ვაქცინაა და შემდეგ მოისმენენ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ ექიმები გადაწყვეტენ, რომ ჩემთვის ეს აცრა სასარგებლოა, თანახმა ვარ კამერების წინაშე მთელი საქართველოს თვალწინ ავიცრა. მგონია, რომ ეს აცრა არ მჭირდება, მაგრამ თუ ექიმები გაწყვეტენ, აუცილებლად ავიცრები, რომ ხალხი გავამხნევო“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
