LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ დამქირავებელს ფინანსური პრობლემები აქვს და საქმე აღსრულებამდე მივა, შესაძლოა, ყადაღა ნაქირავებ ბინასაც კი დაედოს” – რას გირჩევთ იურისტი

15
თინათინ-ჭიხორია

ახალი სეზონი იმ აქტუალური თემით გავხსენით, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით საინტერესო გახდა.  გასული 2 თვის განმავლობაში ბევრი კითხვა ჰქონდათ მოქალაქეებს, რა უნდა ქნან, ბინის გაქირავების შემდეგ წარმოშობილი პრობლემების დროს, ერთი კვირის წინ მედიასაშუალებებმა ამ თემაზე სიუჟეტიც კი გააკეთეს, სადაც ნაჩვენები იყო, ისნის რაიონში ერთ-ერთი ბინის მფლობელი როგორ ცდილობდა რუსეთის მოქალაქეების გამოყვანას, რომლებიც მას ქირას ვეღარ უხდიდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ ახერხებდა. საქმე სასამართლოშია და არავინ იცის, დროში რამდენ ხანს გაიწელება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ისევ ამ თემაზე გაგვეკეთებინა გადაცემა და თქვენთვის ადვოკატ თინათინ ჭიხორიას რჩევები გაგვეზიარებინა.

მას გადაცემამდე ვესაუბრეთ, რადგან სასამართლო პროცესის გამო დაკავშირება ვერ მოხერხდებოდა, თუმცა მან დეტალურად მოგვაწოდა ინფორმაცია როდის რა რისკები ჩნდება ბინის გაქირავების შემდეგ და რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ.

“ზოგადად რისკი იმ დროს ჩნდება, თუ ხელშეკრულება წერილობით არ გაქვთ გაფორმებული, ასევე თუ არ გაქვთ თანხის გადახდის ქვითრები. თუ დამქირავებელს ფინანსური პრობლემები აქვს და საქმე აღსრულებამდე მივა, შესაძლოა, ყადაღა ნაქირავებ ბინასაც კი დაედოს, შემდეგ კი აუქციონზე გავიდეს. ასეთ დროს მტკიცების ტვირთი გამქირავებელზეა, რომელსაც მოუწევს ამტკიცოს, რომ მისი დავალიანება მას არ ეკუთვნის და უძრავი ქონება ნამდვილად მისია. ჩვენთან მომართვიანობა გახშირდა ძირითადად იმ პრობლემით, რომ ქირას აღარ იხდიან. 

ჯერ გეტყვით, კანონმდებლობის შესახებ. კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას, რომ ხელშეკრულება დავდოთ წერილობით ან ზეპირად, თუმცა ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულებას სასამართლოზე იურიდიული ძალა არ ექნება. ხელშეკრულების დადებისას უნდა გაითვალისწინოთ ყველა დეტალი, არ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მიაქირავოთ ბინა, არ აქვს მნიშვნელობა ის საქართველოს მოქალაქეა თუ არა.

უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი, მათ შორის გაარკვიეთ ვისზე აქირავებთ ბინას, ის მოვალეთა რეესტრში ხომ არ ირიცხება. ეს ინფორმაცია საჯაროა. თუ ამ პირის მიმართ აღსრულებაა დაწყებული, შეიძლება თქვენი ნივთები ან ბინაც კი დაყადაღდეს. ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს რიცხვი, როდის იხდის დამქირავებელი თანხას. ასევე უნდა აღწეროთ ინვენტარი, რაც თქვენია და რჩება ბინაში, მიუთითოთ როგორ მდგომარეობაშია და ა. შ. თანხის არ გადახდა შესაძლოა მაინც ნებისმიერ მომენტში დაფიქსირდეს, პოლიცია ვერაფერს იზამს, რადგან საპოლიციო ძალით გამოსახლება კანონით აკრძალულია. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელშეკრულება დადოთ, თუმცა სასამართლო პროცესები ხშირად დროში იწელება”, – აცხადებს თინათინ ჭიხორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები