LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კეთილსინდისიერად ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოახერხებს 43 %-ის გადალახვას, ამას უნდა შევეგუოთ: ბადრი ჯაფარიძე

54
ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ კეთილსინდისიერად ჩატარებულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოახერხებს 43 %-ის გადალახვას, „ამას უნდა შევეგუოთ“. აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

კითხვაზე – მზადაა თუ არა ოპოზიცია, რომ ადგილობრივი არჩევნები თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარდეს, არჩევნების შემდეგ კი მის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები ჟვანიას ფაქტორის გამო არ დასვას – ჯაფარიძე პასუხობს: „საარჩევნო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე აღარ იყოს დამოკიდებული არჩევნების შედეგები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, სწორედ ამას ემსახურება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე აღარ იყოს დამოკიდებული არჩევნების შედეგები იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მოახდინონ ზეგავლენა. ამას ემსახურება ის, რომ 10 ახალი წევრი იქნება, პლუს ტექნოლოგიური გაუმჯობესება, საჩივრების განხილვების სისტემა. შარლ მიშელის დოკუმენტში საუბარია, რომ უნდა შეიქნას სამეთვალყურეო საბჭოს მსგავსი, რომელიც საჩივრების განხილვის პროცესს დააკვირდება და რეკომენდაციებით მიმართავს ცესკოს თუ დაინახავს, რომ პროცესი ჯანსაღად არ მიმდინარეობს.

იმედი მაქვს, შევძლებთ, საბოლოო ჯამში, სრულად მივიღოთ ეს ცვლილებები. თუ გათვალისწინებული იქნება ოდირის და ეუთოს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ჩვენ მართლაც ვამცირებთ მანიპულაციების და გაყალბების რისკებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა ვიყოთ მობილიზებულები. არ ვამხილოთ დამრღვევები, არ შევეწინააღმდეგოთ მცდელობას, რომ ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე. დამკვირვებლები, ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა, მოგვცემს გარანტიას, რომ გაყალბების და დარღვევების რისკები მინიმუმადე დავიყვანოთ. თუ კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოახერხებს 43 პროცენტის გადალახვას, რაც წარმოუდგენლად მეჩვენება დღევანდელი გადასახედიდან, ამას უნდა შევეგუოთ. ასევე, თუ დადგება მეორე შედეგი, უნდა შევთანხმდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღზე“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

პოპულარულები