პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ “თუ მტერი მოვიდა, ღირსეულად დახვდებიან და არ გაიქცევიან ქვეყნიდან ისე, როგორც 2008 წელს ზოგიერთი პოლიტიკოსი გაიქცა”.
ირაკლი ბერაიამ ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და თქვა, რომ ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, განსაკუთრებული სიფრთხილით და სიფხიზლით გაიაროს რეგიონული უსაფრთხოებისთვის უმძიმესი და საქართველოს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მყიფე პერიოდი:
“თუ მტერი მოვიდა, დავხვდებით ღირსეულად, იარაღით ხელში, როგორც ამას ჩვენი უკრაინელი კოლეგები აკეთებენ და სამარცხვინოდ, ერთიმეორის მიყოლებით არ გავიქცევით ამ ქვეყნიდან, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი აკეთებდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსულ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად გლობალურ უსაფრთხოებას, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და წარმოადგენს მსოფლიოს გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნების უხეშ მცდელობას. მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. უკრაინაში მიმდინარე აგრესია არის 2008 წელს საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციით დაწყებული გეგმის ნაწილი და თუ არ მოხდა ვითარების დეესკალაცია, შესაძლოა, ეს არ იყოს ბოლო, რაზეც ღიად საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ამ პირობებში შემაშფოთებელია რადიკალების მხრიდან ვიწროპარტიულ ინტერესებზე აგებული სპეკულაციები, ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართული უსუსური კამპანია, რომლის ამოცანაც არის ქვეყნის უსაფრთხოების მიზანმიმართული დაზიანება, რასაც წლებია ეს სუბიექტები ცდილობენ.
მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიწაზე თბილისიდან 30 კილომეტრში საოკუპაციო ჯარი, მძიმე შეტევითი შეიარაღება იმყოფება, როდესაც რეგიონში გაზრდილია რუსული სამხედრო წარმომადგენლობა და საქართველო გარშემორტყმულია რუსული სამხედრო ბაზებით, როდესაც მიუხედავად მთელი მსოფლიოს ძალისხმევის და მოწოდებისა, ოკუპანტმა არ მოახდინა ვითარების დეესკალაცია და დაიწყო აქტიური საომარი მოქმედებები, როდესაც ის ეძებს ყველა შესაძლებლობას აგრესიული მოქმედებების არეალის სხვა მიმართულებით გაშლისთვის, ნატო-ს გაფართოების ხელშეშლისთვის, როდესაც მის ბირთვულ რიტორიკას ახლავს უმძიმესი მუქარა, რომ ნებისმიერი სახით ჩარევას შესაძლოა მოჰყვეს უმძიმესი შედეგები ისტორიაში და როდესაც ამ დროს საქართველო არ არის გადაფარული ნატო-ს ბირთვული ქოლგით და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებით, როდესაც ქვეყანამ არაერთხელ გამოცადა საომარი მოქმედებების სისასტიკე და დღესაც ვიმკით ოკუპაციის შედეგებს, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს განსაკუთრებული სიფრთხილით, განსაკუთრებული სიფხიზლით გავიაროთ რეგიონული უსაფრთხოებისთვის ეს უმძიმესი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მყიფე პერიოდი”, – თქვა ბერაიამ.