იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, “ომიკრონის” გავრცელების შემთხვევაში ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება
„ჯანმო-მ ამ ვარიანტს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა. ეს არის შეშფოთების მუტაცია, შეშფოთების ვარიანტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი – „ომიკრონი“ დაარქვა. ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმო-ს არცერთ მუტაციაზე არ ჰქონია. ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის მიიჩნევა, რომ ამ ვარიანტს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე – „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ცნობისთვის, მსოფლიო მორიგი კოვიდ-გამოწვევის წინაშეა. ჯანმომ კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს “ომიკრონი” უწოდა და “შემაშფოთებელი ვარიანტის” კლასიფიკაცია მიანიჭა.
ახალ ვარიანტს უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს. ჯანდაცვის ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.
