LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას – სტატუსის ფასად არ ღირს ღირსების დათმობა : დიმიტრი ხუნდაძე

134
დიმიტრი-ხუნდაძე-დეპუტატი

თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ “არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა”.

“დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა.” – აღნიშნავს ხუნდაძე.

მისი განცხადებით ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს.

“რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა” – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატის მტკიცებით, გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება.

“გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა.” – აცხადებს ხუნდაძე.

მისი განცხადებით, ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს

“ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

magti 5g