LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თქვენი მიზანია მოხვიდეთ და აქ რაღაც შოუ დადგათ, არ გამოგივათ“ – სიტყვიერი შელაპარაკება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე

1922
Untitled design (4)

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. მცირე სიტყვიერი შელაპარაკება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, ნანა ტოხვაძესა და კომიტეტის თავმჯდომარეს გივი მიქანაძეს შორის მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნანა ტოხავაძემ სკოლების რეაბილიტაციის დაგვიანება და არასაკმარის თანხა გააპროტესტა, რა დროსაც მას გივი მიქანაძემ  საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა, მიკროფონი გამოურთო და კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ეს არის ნატანების სკოლის ჩამონგრეული ბათქაში და რატომ არის ეს ბათქაში ჩამონგრეული? – იმიტომ, რომ სკოლის დატვირთვა ვერ უძლებს ზემო ნატანების სკოლიდან შემოხიზნულ მოსწავლეებს. გადავრჩით უბედურებას.

მოხდა ისე, რომ დაზიანდა ორი სრულწლოვანი ადამიანი, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ იქ რომ ყოფილიყო დაწყებითი კლასის მოსწავლე, დიდი უბედურება დატრიალდებოდა.

მინდა, განათლების კომიტეტის წევრებს მოგმართოთ, ის თანხები რაც განათლების სამინისტროს ბიუჯეტისთვისაა მოთხოვნილი, რატომ არის 47 მლნ და რატომ არაა 67 ან 97? იქნებ ამდენია საჭირო?

თერჯოლის 1-ელი საშუალო სკოლა, ჩხოროწყუს მეორე სკოლა, თბილისის 15 სკოლა.. დაგვიანებით ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქნებ მეტია საჭირო?“–განაცხადა ნანა ტოხვაძემ სხდომაზე.

მის საპასუხოდ კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი მიზანი სხდომაზე შოუს დადგმაა.

„იძულებულს გამხდით დაგატოვებინოთ დარბაზი.

თქვენი მიზანი თუა რომ მოხვიდეთ და აქ რაღაც შოუ დადგათ, არ გამოგივათ. დატოვეთ დარბაზი, თქვენი პოლიტიკური შოუები შეინახეთ თქვენი პარტიისთვის და მოაწყვეთ თქვენს პარტიაში“,– განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვას უსმენდნენ და ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

 

პოპულარულები