აუქციონის სახლმა Bonhams-მა გასაყიდად გამოიტანა 1996 წელს გამოშვებული პიკაპი Hummer H1, რომლის განსაკუთრებულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ავტომობილის პირველი მფლობელი ლეგენდარული რეპერი თუფაქ შაკური იყო. მანქანის გარბენი თითქმის 30 წლის ჯამში, მხოლოდ 16 300 კილომეტრს შეადგენს.
თავდაპირველად HMMWV მოდელი 1980-იანი წლების შუა პერიოდში შეიქმნა და მხოლოდ სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა. სამოქალაქო ვერსიის Hummer-ის წარმოება კი 1992 წელს დაიწყო. სწორედ ასეთ, სამოქალაქო ვერსიას ფლობდა თუფაქი, რომელმაც ავტომობილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში შეიძინა.

შავი ფერის Hummer H1-ის სალონში გამოყენებულია ჩალისფერი ტყავი და ხის დეკორატიული ელემენტები. კომფორტის მხრივ ავტომობილს აქვს კონდიციონერი და CD აუდიოსისტემა, რაც იმ პერიოდისთვის საკმაოდ პრესტიჟულად ითვლებოდა.
ტექნიკურად პიკაპი აღჭურვილია 205 ცხენის ძალის მქონე ტურბო დიზელის ძრავით, რომელიც 5 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

ეს კონკრეტული Hummer ერთხელ უკვე გამოჩნდა აუქციონზე 2022 წელს, მაშინ პირველივე საათებში ფასმა 100 ათას დოლარს გადააჭარბა, თუმცა საბოლოო შედეგი არ გასაჯაროებულა. ცნობილია ისიც, რომ რამდენიმე წლით ადრე ავტომობილი ახალ მფლობელს 337 ათას დოლარად გადაეცა. ამიტომ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამჯერად ლოტის ღირებულება კვლავ რამდენიმე ასეულ ათას დოლარს მიაღწევს.
