თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი 2025 წლის 15 ნოემბერს მიწვეულია თეატრალურ ფესტივალზე – „მაჩაბელას შემოდგომა თელავში“, რომელიც წელს პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ქართული თეატრის მრავალფეროვნების წარმოჩენას რეგიონულ დონეზე. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ვანო იანტბელიძე – თელავის კოლორიტი მსახიობი; მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე.
ფესტივალზე თეატრი წარადგენს რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ბოლო ნამუშევარს, სპექტაკლს „მფრინავი ხვლიკი ქართულა“, რომელიც შექმნილია გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების „მერომელიღაცე მიხეილ, და სხვანიც“ მიხედვით.
ეს ნაწარმოები დოჩანაშვილისთვის დამახასიათებელი ირონიითა და პოეტურობით, გვიყვება ადამიანზე, რომლის სულიერი ბრძოლა და სინათლისკენ სწრაფვა სიმბოლურად ეჯახება ყოფითობასა და შიშებს. ავტორი აქ დრამატულ ფორმაში აერთიანებს იუმორსა და ტრაგიზმს, რეალობასა და ფანტასტიკას – ქმნის სამყაროს, სადაც ერთი უბრალო ადამიანის გამოცდილება მთლიანად გადაიქცევა ცხოვრების ფილოსოფიად.
„მფრინავი ხვლიკი ქართულა“ მაყურებელს საშუალებას აძლევს სწორედ ხელახლა გაიაზროს თემები, რომლებიც დოჩანაშვილისთვის მუდმივი ღირებულებებია – სიყვარული, სინდისი, რწმენა და თავისუფლება. პერსონაჟები ცდილობენ შეინარჩუნონ ღირსება, სიკეთე და სიყვარული სამყაროში, რომელიც ხშირად ბნელ და ირონიულ განზომილებაში არსებობს.
შემოქმედებითი ჯგუფი:
რეჟისორი – ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი;
მხატვარი – გია აბესალაშვილი;
კომპოზიტორი – გიორგი ჩლაიძე;
ქორეოგრაფი – ნათია მეტრეველი;
ვიდეოგრაფიკა – გიორგი ხოსიტაშვილი;
რეჟისორის ასისტენტები – სოფო დანელია, ელა კაზარიანი;
მონაწილეობენ: გია როინიშვილი (მიხეილი), პაატა ბარათაშვილი (დევდარი), ცოტნე მეტონიძე (კოტე), თემურ გვალია (პოლიციელი), გიგა კახიანი (დაზმირი/გლეხი), ნესტან ბარათაშვილი (კარმენი).
სპექტაკლში გამოყენებულია როსინისა და ბიზე-შედრინის მუსიკა, რაც ქმნის მრავალშრიან ემოციურ ატმოსფეროს და აძლიერებს ნაწარმოების პოეტურ ხასიათს. პროექტი ეძღვნება გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას – დიდი მწერლისადმი თეატრალური პატივისცემის ნიშნად.
