2 წლისა და რვა თვის გოგონა, ანასტასია ზაალიშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტუმა (სიმსივნე) აქვს, მცირე ხნის წინ, სოლიდარობის ფონდის დაფინანსებით, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადააფრინეს. გოგონას მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამის შესახებ მისი დედა, ქეთი ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ანასტასია ძალიან დამძიმდა, დაუსივდა თავი, თვალები, არც ჭამს… დაავადება პროგრესირებს, მართლაც ძალიან არის მეტასტაზირებული, გუშინდელი ტომოგრაფიით გამოჩნდა. ვერავინ და ვერაფერი მიშველის ღმერთის გარდა!!! ძალიან გთხოვთ, მთელი გულით ილოცეთ, რათა ღმერთის კეთილი ნებით, ანასტასია ცოცხალი და უვნებელი ჩავიხუტო. ილოცეთ მთელი გულით, გთხოვთ!..“ – ასეთ მიმართვას ავრცელებს პატარა ანასტასიას დედა სოცქსელის მეშვეობით.
როგორც ინტერნეტის საშუალებით ხდება ცნობილი, მიმართვას ავრცელებს ასევე ანასტასიას ბებია, თინათინ ჯავახიშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ გოგონას ასეთ მდგომარეობაში დიდი წვლილი იაშვილის კლინიკის ექიმებს მიუძღვით.
„გამარჯობა, მე ვარ ანასტასიას ბებია.პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, უკლებლივ. თქვენ რომ არა და თქვენი თანადგომა, ანასტასია ყველაფერს ფატალური შედეგით დაამთავრებდა. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ არ გადმოეყვანათ ბავშვი, ამას რა შედეგი მოყვებოდა. „მედიკალ პარკის“ ექიმები გაოცებულები და შეშფოთებულები არიან საქართველოს ექიმების ნამოქმედარით. ბავშვს არასწორად ჰქონდა გაკეთებული დრენაჟი და მთელი თავი ლიქოლის სითხით იყო გაჟღენთილი. ღმერთს მადლობა, რომ დროულად, თქვენი დახმარებით ბავშვი სასწაულებრივად არის გადარჩენილი. არ დანებდეთ ხალხო და ცა და მიწა შესძარით, რომ ეს კლინიკა დაიხუროს. აქაურმა მედ-პერსონალმა მაგ კლინიკის საბუთები გადაყარეს. ახლიდან უტარებენ ბავშვს გამოკვლევებს. იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად დამთავრდება. ყველას, ვისაც იაშვილის კლინიკაში შვილი ჰყავს, გადაიყვანეთ სხვა საავადმყოფოში. არამც და არამც იაშვილის კლინიკას არ გააკაროთ. მთელი მედ-პერსონალი არაფრის მცოდნეები და არაფრის მაქნისები არიან. ნაყიდი დიპლომებით ბავშვებზე ცდებს აწარმოებენ, სასაკლაო აქვთ გახსნილი“ – წერს თინათინ ჯავახიშვილი.