LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უარის თქმა ადამიანს ბავშვობიდან უნდა ასწავლოთ, თვეების ბავშვსაც კი უნდა აუხსნათ“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

201
Untitled design (16)

„არას თქმა არ არის აკვიატება. უარის თქმაზე გადის ჩვენი არჩევანის თავისუფლება. მთავარია მე მქონდეს არჩევანი და თუ მორჩილებას ავირჩევ ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. მთავარია არ მაიძულო,“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ უარის თქმის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ზოგჯერ არას თქმა ადამიანს ურთულესი ვითარებიდანაც კი იხსნის:

„მე მინახავს ადამიანები, რომლებმაც ვერ თქვეს არა და ამის გამო ციხეში მოხვდნენ,“- განმარტავს მარინა კაჭარავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არსებობს უამრავი ფსიქოლოგიური დაბრკოლება, რომლის გავლენითაც ადამიანს არას თქმა არ შეუძლია:

„შესაძლებელია ადამიანმა მშობლის ხათრით, ან სიყვარულის ხათრით ჭამოს, ან გააკეთოს რაღაც, თუმცა ამის გამო მას ცრემლები არ უნდა ახრჩობდეს,“ – განმარტავს ფსიქოლოგი.

მისი თქმით, ხშირად ადამიანები უარს ვერ ამბობენ რადგან ეშინიათ საზოგადოებიდან გარიყვის და მარტო დარჩენის, ამიტომ აუცილებელია ადამიანს ბავშვობიდანვე ასწავლოს მშობელმა უარის თქმა და საკითხის გადასაჭრელად მისცეს არჩევანის თავისუფლება.

„სჯობს, რომ ბავშვს მივაჩვიოთ არჩევანის გაკეთების თავისუფლება – ამ სვიტრს და იმ სვიტრს, ამ კაბას და იმ კაბას შორის და რა ემართება ბავშვს რომელსაც არ აქვს არჩევანი?  ხშირად ის მშობელს უტრიალდება უარით და მთელ სამყაროს ვეღარ ეუბნება არას.

„ადამიანი არის იმის ღირსი, რომ აუხსნათ. თვეების ბავშვსაც კი უნდა აუხსნათ – დე მე ახლა მივდივარ და მოვალ 5 საათზე, მას ეს ესმის.  ჩვენს არაცნობიერს მუცელში ყოფნის დროსაც ესმის, მუსიკაც ესმის და შენი განწყობაც ესმის.“

ფსიქოლოგის თქმით, როცა ადამიანი ვერ ამბობს არას მას უვითარდება ნევროზი. ის ასევე იხსენებს ოჯახურ შემთხვევას:

„ერთხელ მახსოვს ჩემი შვილები თამაშობდნენ სურვილებზე რაღაცას და ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა თქვა – ერთი სურვილი რომ მქონდეს ვისურვებდი რომ მაწვნის სუპი გაქრესო. ისე შემეცოდა იმის მერე  მაწვნის სუპი ჩვენ ოჯახში აღარ გაკეთებულა. თავი მოძალადე მეგონა..“ – ამბობს მარინა კაჭარავა.

გადაცემაში მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამყარო ადამიანებს ისე ექცევა, როგორც თავად ფიქრობენ საკუთარ თავზე, როგორც თავად წარადგენენ თავს.

“თუ მესაკუთრე გეუბნება რომ ეს საქმე გამიკეთე 2 კვირაში და შენ აკეთე 1 კვირაში, ის ფიქრობს, რომ თურმე  1 კვირაშიც შეიძლებოდა და 2 კვირაში მოგცემს ორ იმდენ საქმეს ხელფასის მომატების გარეშე. ამ დროს შენ მას ვერაფერს დააბრალებ, რადგან ეს შენი არჩევანი იყო.

ფსიქოლოგის თქმით, აშშ-ში არსებობს ტრენინგები, სადაც ბავშვებს ბაღშივე ასწავლიან უარის თქმას, რადგან სამომავლოდ მათ შეძლონ მავნე შეთავაზებების უარყოფა.

მაგალითად ბავშვს აქვს 5 დოლარი, რომლითაც უნდა იყიდოს ნაყინი და კოკა-კოლა ამ დროს შეხვდა მეგობარი, რომელიც ფულის გაყოფას და სანაცვლოდ კოკა კოლას სთხოვს. აშშ-ში ამ დროს ბავშვს ეუბნებიან რომ უარი თქვას, რადგან მომავალში თუ შესთავაზებენ მარიხუანას ან თამბაქოს მზად იყოს უარისთვის.

ქართულ რეალობაში ამას შვილს ვერ ასწავლი.. შეიძლება ბავშვს სკოლაში ვინმე ეუბნება ეს მიყიდე და ისიც უარს ვერ უბედავს, თუმცა შეიძლება უარის ვერ თქმის გამო მშიერი დარჩეს.. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს: თუ მე ადამიანს იმის გამო დავკარგავ რომ ახლა არა ვუთხარი, ის ისედაც არ არის ჩემი მეგობარი.

ვერავინ ვერ დაგაჰიპნოზებს,  ვერავინ ვერაფერს გაიძულებს თუ იცი სწორად და დროულად უარის თქმა,“- ამბობს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები