LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Uber-ის უპილოტო ავტომობილი ქალს დაეჯახა და მოკლა

55

Uber-ის უპილოტო ავტომობილმა ქალი მოკლა. შემთხვევა ქალაქ ტემპში, არიზონას შტატში, აშშ-ს დასავლეთით მოხდა. როგორც The New York Times წერს, Uber-ის ავტომობილი ავტონომიურად გადაადგილდებოდა. ის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ქვეითმა გზა არასწორად გადაკვეთა.

იმის შესახებ, რომ ქვეითმა გზის სავალი ნაწილი გადაკვეთა, ქალაქ ტემპის პოლიცია საუბრობს. მიღებული ტრამვების შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა.

კომპანია Uber-მა უკვე განაცხადა, რომ აშშ-სა და კანადის რამდენიმე ქალაქში ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე თავისი უპილოტო ავტომობილების ტესტირებას წყვეტს. ასევე აცხადებს, რომ მზად არის მთავრობასთან ითანამშრომლოს.

ცნობილია, რომ ეს არის პირველი საგზაო შემთხვევა, როდესაც საერთო სარგებლობის გზებზე ავტონომიურად მართვადმა ავტომობილმა ქვეითის გარდაცვალება გამოიწვია.

ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, გარდაცვლილია 49 წლის ქალბატონი, ელეინ ჰერცბერგი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთო საინფორმაციო სააგენტო ქვეითის შესახებ საუბრობს, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში კი დაზიანებული ველოსიპედიც ჩანს.

წინასწარი ინფორმაციით, ქალი Volvo XC90-მა გაიტანა, რომელიც 65 კმ/სთ სიჩქარით, ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილდებოდა.

დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციამ ავტომობილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერი ნახა. წინასწარი დასკვნა ასეთია: ქვეითი გზის სავალ ნაწილზე სიბნელიდან გამოვიდა და გვერდის არიდება მაშინაც კი ძალიან რთული იქნებოდა, თუკი საჭესთან ადამიანი იჯდებოდა.

Volvo-მ განაცხადა, რომ ავტომობილზე დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოდა კომპანიის პროდუქტს არ წარმოადგენს.

გამოძიება გრძელდება.

აშშ-ში აქტივისტებმა საერთო სარგებლობის გზებზე უპილოტო ავტომობილების გამოცდის აკრძალვა უკვე მოითხოვეს. მათი აზრით, ასეთი სახის ტესტები უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო შემთხვევის დროს ავტომობილში მძღოლი იჯდა, რომელსაც ასეთ დროს მართვა საკუთარ თავზე უნდა აეღო, რატომ არ მოხდა ასე – ამას პოლიცია დაადგენს.

Uber უპილოტო ავტომობილებს Volvo XC90-ის ბაზაზე კალიფორნიის საერთო სარგებლობის გზებზე 2016 წლიდან ტესტავს. მალევე კომპანია შტატის მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა და Uber-მა ცდებზე ნებართვა ვერ მიიღო. ამის შემდეგ კომპანიამ ავტომობილები არიზონაში გადაიტანა, სადაც საერთო სარგებლობის გზებზე ამ დრომდე მიმდინარეობს ტესტირება. აქ კომპანიას რამდენიმე საგზაო შემთხვევა ქონია, თუმცა სერიოზული ტრამვებითა და გარდაცვალებით არცერთი მათგანი არ დასრულებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები