LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება – სახალხო პლატფორმა

420
ტარიელ-ირემაძე

მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ ისაუბრა.

რა სანქციებია უკანონო ტყით სარგებლობაზე?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანანო დამზადებაზე; რაც შეეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს.

სანქციები მკაცრდება ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსება, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხა, ხე-ტყის უკანონოდამზადება და მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება.

სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე განისაზღვრება. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა სამიდან ხუთ წლამდე იქნება.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 287 პრიმა 2 მუხლი – სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება. მსგავსი ქმედების ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ განმეორებით ჩადენა ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. სანქცია იქნება ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული ხე-ტყის განთავსებისთვის. ამ ტიპის სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხასა და ხე-ტყის უკანონო დამზადებაზე თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე იქნება. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა ოთხ წლამდე განისაზღვრა. იმ შემთხვევაში კი, თუ სამართალდამრღვევი იურიდიული პირია, მას ლიკვიდაცია ან 5 წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრება. ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის დაისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდა უკანონო ტყითსარგებლობაზე?

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. კერძოდ, დრონებისა და ფოტოხაფანგების მეშვეობით 300-მდე სამართალდარღვევა, მათ შორის, ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.

როგორია სტატისტიკა?

2025 წლის იანვარი-აპრილი – გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 654 ფაქტი. დალუქულია 29 უკანონო სახერხი საამქრო.

2025 წლის აპრილი – გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 137 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 9 უკანონო სახერხი საამქრო.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 98 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 39 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 45 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. იმერეთში დაფიქსირდა 25 სამართალდარღვევა, აჭარაში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 13, შიდა ქართლში – 7, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 4, გურიაშიც – 4, თითო-თითო სამართალდარღვევა გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში.

2024 წელი – გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 2197 ფაქტი. დალუქულია 93 უკანონო სახერხი საამქრო.

2023 წელი – გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 3112 ფაქტი.

უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციის მიზნით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა. უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები გამკაცრდა, რაც შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, უმნიშვნელოვანესია.

magti 5g