პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბრიტანულ გაზეთ „The Sunday Times“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან „კიდევ ორი ან სამი წლის განმავლობაში“ საბრძოლველად. მისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს ეფუძნება.
ტუსკმა განმარტა, რომ საუბარი ხუთშაბათს შედგა. განიხილეს რუსეთის მზარდი საფრთხე მთელი დასავლეთ ევროპისთვის.
„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გადარჩება“, – თქვა ტუსკმა, „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, კიდევ რამდენი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს“.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის და დონალდ ტრამპის მოწოდებების მიუხედავად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, პრეზიდენტი ზელენსკი ბრძოლის გაგრძელებისთვის მზადაა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მითხრა, რომ იმედოვნებს, ომი ათი წელიწადი არ გაგრძელდება, მაგრამ უკრაინა მზადაა კიდევ ორი ან სამი წელიწადი იბრძოლოს“, – თქვა ტუსკმა.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთს კვლავ აქვს „ერთი ფუნდამენტური უპირატესობა დასავლეთთან შედარებით – ომის გაგრძელების სურვილი“.
–
ამავდროულად, ხუთშაბათს, ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ იგი კიევთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.
ბლოკმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის ან თუნდაც პირდაპირი მოლაპარაკებების იდეას.
„რუსეთზე მეტი ზეწოლის შემთხვევაში, ისინი დასხდებიან და ისაუბრებენ და ვფიქრობ, რომ ეს არის გეგმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთი კი პარალელურად ახალ შეიარაღებაზე ზრუნავს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ 22 ოქტომბერს ჩატარდა ბირთვული რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა. რაკეტა ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში დარჩა და 14 000 კილომეტრის მანძილი გაიარა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ „ბურევესტნიკის“ ბირთვულ ფრთოსან რაკეტას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

