რა იცვლება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე? – აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ცვლილება ყველა მიმართულებით გრანდიოზულია, რადგან უკრაინელებმა პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ევროპაში „რაინდობის ერა“ დააბრუნეს. მისი განმარტებით, 21 საუკუნე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი ერა და ევროპის კონტინენტზე ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის დამარცხების დასაწყისი იქნება.
ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია, რადგან უკრაინელი ჯარისკაცები NATO-ს შეიარაღებით ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ რუს სამხედროებს.
„რუსეთ-უკრაინის ომს აქვს მრავალმხრივი განზომილება და ყველა მიმართულებით ცვლილებები არის გრანდიოზული. დავიწყებ ე.წ. მორალური განზომილებით. უკრაინის ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ევროპაში დააბრუნეს „რაინდობის ერა“ და რაინდობის ღირებულება. 21-ე საუკუნე, ტექნოლოგიების საუკუნესთან ერთად, იქნება მაღალი მორალური ღირებულებების საუკუნე. ასევე, ეს იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი ერა და ევროპის კონტინენტზე ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის დამარცხების დასაწყისი.
რა მიზნები ჰქონდა პუტინს, როდესაც ამ ომს იწყებდა? – მისი პირველი მიზანი იყო უკრაინის დამარცხება და მიერთება, რაც იყო შუალედური ნაბიჯი საბჭოთა იმპერიის აღდგენის გზაზე. რეალურად უკრაინა მისთვის შუალედური მიზანი იყო, საბჭოთა კავშირის აღდგენის, ვარშავის ბლოკის ქვეყნების შემოერთების, რადგან რუსეთის ბრძოლის შემდგომი ეტაპი უკვე ნატოს ტერიტორიებს ითვალისწინებდა. რუსეთის იმპერიის აღდგენაზე როდესაც აპელირებდა პუტინი იქ თურქეთის ტერიტორიებიც იგულისხმებოდა.
პუტინს ვერ აქვს შესრულებული პირველი მიზანი და არც პერსპექტივაში არ ჩანს, რომ მან ამ მიზნის მიღწევა შეძლოს. მეორე იყო ის,რომ თუკი ის ამ მიზანს მიაღწევდა, „რუსეთის ზეობის ხანა“ უნდა დაწყებულიყო ევროპაში და ევროპისთვის მას უნდა ეკარნახა მომავალი არქიტექტურა – ეს მიზანიც მიუღწევლად არის დასრულებული.
მესამე მიზანი იყო დასავლეთის კიდევ უფრო დასუსტება მისი დაქსაქსვის გზით და მოხდა საპირისპირო რამ – დასავლეთმა უპრეცედენტო ერთიანობა აჩვენა, რადგან დაინახა, რომ ევროპის ნებისმიერი ქვეყანა შეიძლებოდა პუტინის შემდგომი სამიზნე გამხდარიყო, თუკი რუსეთი უკრაინას „იოლად გადაყლაპავდა“.
დღეს სრულიად სხვა მოცემულობა გვაქვს. ღიად უნდა ითქვას, რომ უკრაინაში დღეს იბრძვის უკრაინელი ჯარისკაცი NATO-ს შეიარაღებით. მხოლოდ გუშინ უკრაინელებმა რუსეთის 2 სამხედრო ხომალდი გაანადგურეს. როგორც წარმოგვიდგენია ეს ჩვენ, თუ არ არის აქ დასავლური მძლავრი იარაღი. მინიმუმ 10 სხვადასხვა ტიპის საფრენ აპარატს აგდებენ ყოველდღიურად უკრაინელები. რეალურად ჩვენ ვუყურებთ ომს უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის ჯარისკაცების ხელით და ნატოს შეიარაღებით. ამას რუსეთი ძალიან კარგად ხვდება.
ამ ომის დასასრული ორგვარია: ერთი – თუ რუსეთი ვერ გაბედავს ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებას, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი შეიარაღების მიწოდების შემდეგ უკრაინა გადავა მასობრივ კონტრშეტევაზე და რუსეთს განდევნის უკრაინის ტერიტორიიდან ამ მეორე – უარეს შემთხვევაში, თუ რუსეთი იყენებს ქიმიურ ან ბაქტერიოლოგიურ იარაღს, გუშინ ჯო ბაიდენმა დააანონსა, რომ „აშშ რუსეთს უპასუხებს, თუ ვლადიმერ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს“. რაც ირიბად ნიშნავს, რომ ეს ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ნატო სხვა ფორმით შეიძლება ჩაერთოს ომში“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
