LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ავიახაზები ქუთაისის აეროპორტს ტოვებს?!

85

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ქუთაისის აეროპორტს ტოვებს. როგორც “ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე ისინი ავიაკომპანიასთან მოალაპრაკებებს აწარმოებენ.

“დაზუსტებით ჯერ ვერაფერს ვიტყვით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები”, – განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

“ფორტუნა” უკრაინის ავიახაზების ქართულ წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ კომპანია თბილისის აეროპორტიდან გასვლას არ აპირებს, საუბარია მხოლოდ ქუთაისიდან რეისების დახურვაზე.

გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მგზავრთა სიმცირის გამო მიიღო.

“არასაკმარისი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ ქუთაისი-კიევისა და ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით, ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მიმართულებით ფრენები 2 სექტემბრიდან გაუქმდება, ხოლო ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებით რეისები 1 ოქტომბრიდან აღარ შესრულდება”, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

ამასთან, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებში ასევე აცხადებენ, რომ ავიაკომპანია განიხილავს სეზონური რეისების დაწყების  შესაძლებლობას ბათუმიდან კიევის მიმართულებით.

ამ დროისთვის მათი ოფიციალური ვებ გვერდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ბილეთების დაჯავშნა კვლავ შესაძლებელია.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს 2015 წლიდან ასრულებს. რეისები ხარკოვისა და კიევის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები