LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობა, მედიკამენტების მაღალი ფასი, სიღარიბე – მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრით, ეს საკითხები ქვეყანაში კვლავ გადაუჭრელია

272
NDI - კვლევა

უმუშევრობა, მედიკამენტების მაღალი ფასი, ეკონომიკური პრობლემები და პანდემია – ეს ის საკითხებია, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ქვეყანაში კვლავ გადაუჭრელად რჩება.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI)-იმ, დღეს ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის შედეგებმაც ,ზემაღნიშნულ პრობლემებზე მოსახლეობის აზრი მკაფიოდ გამოავლინა. საზოგადოების უმეტეს ნაწილს კვლავ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, რასაც ამჯერად პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც ემატება.

უმუშევრობა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. კვლევაში, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ჩანს, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის, მოსახლეობას ყველაზე მეტად შემდეგი სახის პრობლემები აწუხებს:

◾ ფასების ზრდა (45%);

◾ სიღარიბე (28%);

◾ ლარის გაუფასურება (27%);

◾ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%);

◾ დაბალი ხელფასები (11%)

◾ საზღვრების ჩაკეტვა (6%)

გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ 2016 წელთან შედარებით ეკონომიკურად უკეთესად არის, 32 %-ს უარესი მდგომარეობა აქვს, ხოლო 45 % ფიქრობს, რომ მათი სიტუაცია უცვლელი დარჩა.

მედიკამენტების საფასური

საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მედიკამენტების საფასურია. NDI-ის კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის ყველაზე დიდ გამოწვევად წამლის ფასებს მიიჩნევს გამოკითხულთა 46%. ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე, გამოკითხული მოქალაქეების შეხედულებები ასე გადანაწილდა:

◾ საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორნავირუსთან მიმართებაში -16 %;◾ ექიმების და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა – 14 %;
◾ საავადმყოფოების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა 13 %;
◾ სამედიცინო მომსახურების/ექიმთან ვიზიტის საფასური – 13 %;
◾ ექიმების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან დაკავშირებით -12 %;
◾ ჯანდაცვის სისტემაში პრობლემა არ არის – გამოკითხულთა 9 %.
გამოკითხული მოქალაქეების 60% ამბობს, რომ მთავრობა პანდემიას ეფექტიანად უმკლავდება.

COVID 19-ის პანდემია

ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებთან ერთად, საზოგადოების მძიმე ყოველდღიურობას, ახლა უკვე პანდემიაც დაემატა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული მოსახლეობის 72%-ს ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, 16 % -ს კი – კორონავირუსი.

„უკვე წლებია, ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა წამყვან ეროვნულ პრობლემებთან მიმართებაში, როგორებიცაა: უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია, პროგრესს ვერ ხედავს. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს, რომ მათ მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა ამ პრობლემების მოგვარებაზე ერთად იზრუნონ“, – აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამმა.

NDI -ის კვლევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი, რომელიც ასევე პანდემიას უკავშირდება. საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისგან თავს შეიკავებს.

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები: – 41% პასუხობს, რომ კი, ასევე 41 %-ის პასუხია – არა, 17% კი ამბობს, რომ არ იცის.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ვაქცინის საწინააღმდეგო აცრებს დიდი ალბათობით მამაკაცები უფრო გაიკეთებენ, ვიდრე ქალები. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში ასევე წერია, რომ მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით გაიკეთებენ ვაქცინას, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონენი.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.1%-ია. კვლევისას, რესპონდენტები მარტივი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).