LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა მოხდეს ინტერფრაქციული შეხვედრა, მსჯელობა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია იყოს ერთიანი: ირაკლი ქადაგიშვილი

78
ირაკლი ქადაგიშვილი

რუსეთ-უკრაინის თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ნატოს ფორმატში, რათა შეთანხმებული და კოორდინირებული პოლიტიკა აწარმოოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც რუსეთის შესაძლო აგრესიასთანაა დაკავშირებული უკრაინასთან მიმართებაში.

მისივე განმარტებით, უკრაინის თემასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განცხადებები გააკეთეს და კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინას.

ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველო ცალსახად უჭერს მხარს.

ჩვენი ვალია მათი გვერდში დგომა – თუ არ გვინდა ვიყოთ, რაღაც „პოზებში“, გვჭირდება რეზოლუციები, მიმართვები, დელეგაციების ჩასვლა, ღიად დახმარება: პაატა დავითაია უკრაინაზე

„აპრიორია ის, რომ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია, მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, ან მისი სუვერენიტეტის შებღალვა აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების და ქვეყნებს შორის ურთიერთობების ის სტანდარტი, რომლის ეჭვქვეშ დაყენება საერთოდ გამორიცხულია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველო ცალსახად უჭერს მხარს.

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის, ნატოს ფორმატში, რათა შეთანხმებული და კოორდინირებული პოლიტიკა ვაწარმოოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც რუსეთის შესაძლო აგრესიასთანაა დაკავშირებული უკრაინასთან მიმართებაში. იმ პოზიციასთან მიმართებაში, რაც რუსეთმა წამოუყენა ნატოს, ულტიმატუმის სახით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამატებითი შეიარაღებების არ განთავსების კუთხით და უკრაინის და საქართველოს ნატოში არ მიღების კუთხით. 

ჩვენ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველა იმ ფორუმში ვიყავით ჩართული, რომელიც ჩვენ პარტნიორებთან ერთად საერთო პოლიტიკის შემუშავებას ემსახურება, რუსეთის ულტიმატუმებთან დაკავშირებით.

დღეს ჩატარდა პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, კიდევ ერთხელ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და დაგმო ყოველგვარი მცდელობა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვასთან დაკავშირებით.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა რამდენიმე განცხადება. პირველი ის, რომ – ნატოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც რუსეთის ულტიმატუმიდან გამომდინარეობს, უკვე შესაბამისი პროექტი არის მომზადებული, რომელიც გადაგზავნილი აქვს ყველა ფრაქციას და საპარლამენტო ჯგუფს, მათ შორის ოპოზიციასაც და მათაც დაადასტურეს, რომ კომიტეტმა აღნიშნული პროექტი მათ გაუგზავნა, შენიშვნებისა და მოსაზრებების გასაზიარებლად. ამავდროულად დღეს ითქვა, რომ უნდა მოხდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერფრაქციული შეხვედრა, მსჯელობა, რომ კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია იყოს ერთიანი და ამავდროულად, ყველა ის დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია, დადგენილება ან განცხადება, რა ფორმასაც საჭიროდ ჩათვლის ეს სამუშაო ჯგუფი, ამის შემდეგ იქნას გამოტანილი დღის სააშკარაოზე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ ინტერფრაქციული მუშაობის პროცესში იყოს ჩართული თვითონაც და რა თქმა უნდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც საგარეო საკითხებში წამყვანი კომიტეტია.

დავამატებ იმას, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ეს მწვავე მდგომარეობა, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ თანხვედრაში ვმუშაობთ, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის დაძაბვისთვის, ან ერთმანეთის მიმართ თითის გაშვერაში.

სახელმწიფოს პოზიცია, უკრაინის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია და სპეკულაცია არ ღირს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

magti 5g