კანადელმა მკვლევარებმა ხანდაზმულებისთვის სპეციალური დიეტა შეიმუშავეს და კვების რაციონი იმ ცვლილებების გათვალისწინებით შედგინეს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ასაკის მატებასთან ერთად განიცდის (ვიტამინების, კალციუმის და სხვა სასარგებლო ელემენტების ნაკლებობა). გარდა ამისა, ახალი დიეტა ხანდაზმულებს კოგნიტიური უნარის შენარჩუნებასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რაციონის შედგენისას ყურადღება არა უბრალოდ სასარგებლო ინგრედიენტების ნაკრებზე, არამედ მთლიანად ჯანსაღ კვებაზე გაამახვილეს, რადგან ამგვარი დიეტის დაცვისას, ადამიანი 30%-ით ამცირებს იმ ცვლილებებს, რომელიც ასაკთან ერთად ვითარდება.
დიეტის მთავარ ელემენტს კენკრა წარმოადგენს, რადგან სწორედ ის შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველაზე მეტ მიკროელემენტს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის მირთმევაც, რადგან სწორედ ასე ღებულობს ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ვიტამინებს. ხორცი კი, თევზით უნდა შეიცვალოს, თუმცა, თევზისა და ზღვის პროდუქტის მირთმევისას აუცილებელია ზომიერების დაცვა. მათ კი, ვისაც ხორცის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, უპირატესობა შედარებით მსუბუქ – ფრინველის ან კურდღლის ხორცს უნდა მიანიჭოს.
უნიკალური დიეტის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს პარკოსანი მცენარეებიც. მეცნიერები განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის და ინტელექტუალური შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, ხანდაზმულების კვების რაციონი აუცილებლად მრავალფეროვანი და სასარგებლო უნდა იყოს.
