LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას

124
კონფე

თბილისში, ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რიგით მე-13 რეგიონული კონფერენცია (GITI) გაიხსნა, რომლის მხარდამჭერები არიან: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობა.

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში. გაიმართება დებატები ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა მართვის, ციფრული განათლების, კიბერუსაფრთხოების, რეგიონული სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარების და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ მიმართა.

„საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ინოვაციებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ ვხედავთ ინოვაციას, როგორც ფუნდამენტს გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა,“ – განაცხადა ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ისეთი სადისკუსიო პლატფორმის არსებობა, როგორიცაა GITI და აღნიშნა, რომ ეს არის ღონისძიება, რომელიც ხელს უწყობს ამ სფეროში საჯარო და კერძო სექტორის უახლესი მიღწევების, განვითარების პროგრესის და გამოწვევების წარმოჩენას, მონაწილეებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას და ცოდნის გაზიარებას.

ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესზე და მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე (საყოველთაო ინტერნეტიზაცია, კანონი „ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“, რომელიც ხელს უწყობს ნაკლები დანახარჯებით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების განვითარებას), ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებზე, მათ შორის, ქალებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ციფრული ინკლუზიის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა ქვეყანაში ციფრული ჰაბის ფორმირება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფართოზოლიანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს ტერიტორიაზე და შავ ზღვაში, ისე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტრების“ ფორმირებას, რაც დააჩქარებს რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციას და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მასში ჩართული ყველა მხარის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, დიდი ძალისხმევაა მიმართული საქართველოს ციფრული ბაზრის ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან ინტეგრაციის მიმართულებითაც.

წლევანდელ კონფერენციას ესწრებიან დელეგატები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიიდან.

ღონისძიების  მიმდინარეობისას გაიმართება IT კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას.

magti 5g