ახალი სეზონი თანდათან სტარტს იღებს. მთავარი ჩემპიონატები მომდევნო უქმეებზე დაიწყება, მანამდე კი სხვაგან უკვე ბურთაობენ.
ყველაზე კარგად შორეულ ამერიკაში ვაკო ყაზაიშვილმა ითამაშა.
დასავლეთ კონფერენციის ლიდერ “დალასთან” გასვლით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და “სან ხოსეს” შემტევმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და 12-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, კალიფორნიელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 3:1.
ყაზაიშვილმა სან-ხოსელები მე-19 წუთზე დააწინაურა 0:1, ხოლო 88-ე წუთზე “დალასის” კარში მესამე გოლის ავტორი გახდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:3.
ყაზაიშვილი, ისევე როგორც საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია, ძირითად შემადგენლობაში იყო – ორივე მათგანმა შეუცვლელად ითამაშა. ვაკომ 22 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და გუნდის კაპიტან კრის ვონდოლოვსკისთან ერთად “სან-ხოსეს” საუკეთესო ბომბარდირია.
დასავლეთ კონფერენციაში “სან ხოსემ” მხოლოდ 16 ქულა დააგროვა და ბოლო მე-12 ადგილზეა.
შვედეთის ალსვენსკანის მე-16 ტურში გიორგი ხარაიშვილის “გიოტებორგი” “კალმარს” ეწვია და 1:2 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც შეასრულა.
გიორგიმ 58-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა, რასაც ვაიება საკორის ზუსტი თავური მოჰყვა და ანგარიში იმ დროისთვის გათანაბრდა (1:1). თუმცა, სტუმრებმა მალევე გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.
ქართველების “გენტმა” ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე “ვარეგემი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა. გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია, გიორგი ბერიძე კი მეორე გუნდში გადაიყვანეს.
დანიაში, ლაშა პარუნაშვილის “ესბიერგი” საბა ლობჟანიძის “რანდერსს” 3:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა – 3:3. ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთის პირველობაზე გიორგი მერებაშვილის “პლოცკი” ვატო არველაძის “კორონასთან” 1:2 დამარცხდა. მერებაშვილისთვის უიღბლო დღე გამოდგა – მე-4 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 34-ე წუთზე კი მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა. არველაძე მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა.
ვაკო გვილია ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და “ლუცერნმა” პირველი გამარჯვებაც მიითვალა. შვეიცარიის სუპერლიგის მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდმა “ლუგანო” 4:2 დაამარცხა.
ჩვენებური მინდორზე 71 წუთის განმავლობაში იყო და მერე შეცვალეს.