LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალეს სალოცავში კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს

321

ვალეში მდებარე ქრისტიანულ სალოცავში, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები მრავალი წელია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 12 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. გზის პირზე მდებარე სალოცავის გვერდით კედელთან, ასევე სასანთლეში, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს.

„ჩემ შვილთან ვიყავი და სახლში ვბრუნდებოდი ცეცხლი რომ დავინახე. კათოლიკური წიგნები და ხატები იწვოდა. ხალხიც იყო თავმოყრილი“, – ამბობს ვალეში მცხოვრები მართლმადიდებელი მზია ნასყიდოვი.

სოფელ ვალეში მცხოვრები 600–მდე კომლიდან ნაწილი კათოლიკე, ნაწილი კი მართლმადიდებელია. სალოცავში, რომელიც ადგილობრივების თქმით, საუკუნეების წინ აშენდა, მართლმადიდებლები და კათოლიკეები სალოცავად ერთად დადიან, თუმცა, როგორც სოფელში ამბობენ, მეზობლებს შორის დავის საგანი ეს სალოცავი არასდროს გამხდარა.

„დაწვეს მხოლოდ კათოლიკური ხატები, მაგალითად წმინდა იოანე ბოსკოს ხატი, ასევე ვალეში კათოლიკური ეკლესიის შიდა ინტერიერის ფოტო. დამწვარია სრული ლოცვის წიგნებიც. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს კათოლიკეების წინააღმდეგ მიზანმიმართულად გააკეთა ვინმემ“, – ამბობს ვალეში მცხოვრები კათოლიკე შოთა გიქოშვილი.

არც მას და ფაქტის შემსწრე სხვა ადგილობრივებს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში არ დაურეკავთ.

ვის შეიძლება დაეწვა ხატები და ლოცვები, ეს არც ვალეს ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა მიხაილ სურმავამ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ეს იმან გააკეთა ვინც კათოლიკეების წინააღმდეგ გამოდის, რადგან აქ მხოლოდ კათოლიკური ხატები დაწვეს და არა მართლმადიდებლური. ვფიქრობ ამის ჩამდენს სურს, რომ ვალეში კათოლიკე და მართლმადიდებელი მრევლი ერთმანეთს დაუპირისპიროს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან მომხდარის შესახებ შეტყობინება არ შესულა: „მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ფაქტი ინტერნეტით გავრცელდა, პოლიციელებმა მოკვლევა დაიწყეს. ჯერ არ ვიცით გამოძიებაც დაიწყება თუ არა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები