თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-ის დაბრუნებას და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს.
როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი, რომელმაც წილი ნომინალურად ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა და რასაც შესაბამისი ხელშეკრულებაც ადასტურებს. ოქრუაშვილის თქმით, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.
ოქრუაშვილი ხალვაშის წინააღმდეგ - რუსთავი 2-ის წილებზე ახალი დავა იწყება
“მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი 2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო.
კარგად მესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შეიძლება კითხვა უჩნდებოდეს, მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის და რაზეც ვდავობ, ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად, იმისთვის, რომ “რუსთავი 2” არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილო კორეას.
ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას, მონახაზი მაქვს, ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში, მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს – დაახლოებით 80%-ს“, – ამბობს ოქრუაშვილი „კურიერთან“ საუბარში.
მისი თქმით, ქიბარ ხალვაშს აქვს მისი ვალი უკვე დიდი ხანია, დავა მიმდინარეობს ფინანსურ ნაწილზე, თუმცა ქიბარ ხალვაში დოკუმენტს აცხადებს ყალბად და არ ცხადდება სამხარაულში, რომ დადგინდეს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა.