დიმიტრი მედვედევის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ და შემდეგ წაშლილ სტატუსს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება.
ვაშაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართავს – რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით კითხვა ან მოსაზრება ხომ არ გაუჩნდა:
“არავის არაფერი გაუტეხს, ეს მედვედევის პერსონალური პოზიციაა და არა მხოლოდ მისი, ეს არის მთლიანად რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით.
რუსეთი არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს არ აღიარებს როგორც სახელმწიფოებს. თუ ჩვენ ეს კარგად არ გავიაზრეთ – რამხელა საფრთხის მატარებელია ეს ყველაფერი, წინ ვერ წავალთ. ამიტომ კითხვა მაქვს “ქართულ ოცნებასთან”, რას ფიქრობენ რუსეთის ხელისუფლებაზე, შეკითხვები ხომ არ გაუჩნდათ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით?
სხვათა შორის, შეგახსენებთ, მედვედევი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი კი არ არის, ძალიან მაღალი თანამდებობის პირია რუსეთის ფედერაციაში, რომელმაც გააკეთა განცხადება, რითაც სურს გააყალბოს ისტორია და დაამციროს ქართველი ხალხი. ამ დამცირებას როგორ პასუხობს ის “ტრიადა” თუ “კვარტეტი” და დანარჩენები, პრორუსული “ქართული ოცნების” ორი სხვადასხვა განაყოფი?
პერსონალურად კობახიძეს მინდა დავუსვა ეს კითხვა: ბატონო კობახიძე, ხომ არ გაგიჩნდათ პოზიცია, კითხვა ან მოსაზრება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით?” – აცხადებს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში – ВКонтакте, გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენასა და მეზობელ ქვეყნებზე წერდა. პოსტი 10 წუთში წაიშალა, თუმცა მისი “სქრინშოტი” საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.
მედვედევის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. მოგვიანებით რუსულმა საინფორმაციო სააგენტო Tass-მა გაავრცელა მედვედევის თანაშემწის კომენტარი, რომელშიც ოლეგ ოსიპოვი ამბობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.
რა ეწერა გამოქვეყნებულ სტატუსში, რას აცხადებს რუსული მხარე და როგორ ეხმიანება აღნიშნულს ქართული პოლიტიკური სპექტრი – წაიკითხეთ ვრცლად:
„გვერდი გატეხილია“ – თანაშემწე ამბობს, რომ მედვედევს საქართველოზე პოსტი არ დაუწერია
თავდაცვის მინისტრი: „წავიდა მედვედევი, წასულია“
ელისაშვილი: „საშიში გეგმები აქვთ.. ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ ყველანი“
