LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასო ურუშაძე: საპატრულო პოლიციამ მძღოლების სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო!

11

“ეკო ტრანსპორტ ცენტრის” დირექტორი ვასო ურუშაძე შსს-ს 200 ლარიან ჯარიმებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს და ფიქრობს, რომ საპატრულო პოლიცია სადამსჯელო ღონისძიებებს ასეთი ფორმით აწარმოებს, ამის მიზეზი, კი როგორც ვასო ამბობს, ”საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტი”-ს ჩავარდნა გახდა. გთავაზობთ ვასო ურუშაძის მიერ გასაჯაროებულ განცხადებას, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება:

”ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა მოტივი ამოძრავებდა შსს-ს, როცა შეიმუშავა საგზაო მოძრაობის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი და კერძოდ ის რეგულაციები რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ. მათ სურდათ თბილისის მერია გამოეყვანათ არსებული ჩიხიდან, რეგულაციების მეშვეობით შეემცირებინათ ექსპლუატაციაში მყოფი ავტომობილების რაოდენობა, რაც მათი აზრით თბილისს თავიდან არიდებდა მოსალოდნელ სატრანსპორტო კოლაფსს, რომელიც რა თქმა უნდა აბსურდული და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებაა.

მსგავსი რეგულაციების მიღებით ვერც საცობების პრობლემას აღმოვფხრით და ვერც მოსალოდნელ სატრანსპორტო კოლაფსს ავირიდებთ თავიდან. თუ გვსურს თბილისში მოძრაობის განტვირთვა და საცობების პრობლემის მოგვარება, აუცილებელია ხელისუფლებამ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, უპასუხოს გაზრდილი ავტოპარკის გამოწვევას და განავითაროს საგზაო ინფრასტრუქტურა, შექმნას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, გააჯანსაღოს მუნიციპალური ტრანსპორტი, შეიმუშაოს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, მოაგვაროს პარკირების პრობლემა, გამართოს როგორც შუქნიშნები ასევე საგზაო ნიშნები, განავითაროს ქვეითების ინფრასტრუქტურა, გაზარდოს საპატრულო პოლიციის კომპეტენცია, შეიმუშაოს ქალაქის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სწორი ხედვა და სხვ.

დღეს თბილისში ძალიან საგანგაშო ტენდენცია გამოიკვეთა, საპატრულო პოლიციამ აქტიურად დაიწყო იმ სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმება, რომლებიც ,,სითი პარკის” ტერიტორიის მიღმა იმყოფებიან ან გზის სავალ ნაწილზე ახდენენ მგზავრის ჩამოსმა/ჩასხდომას, ჯარიმის ოდენობა საკმაოდი მაღალია და შეადგენს 200 ლარს.

რა თქმა უნდა ეს არის სამართალდარღვევა მაგრამ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონის გათვალისწინებით სადაოა ჯარიმის ოდენობა 200 ლარი, მეორე ის, რომ საზოგადოებას ამ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გააჩნია, მუხლით საპატრულო პოლიცია მძღოლების დაჯარიმებას თავს არიდება და მხოლოდ რამოდენიმე დღეა რაც დაიწყეს მასიურად სადამსჯელო ღონისძიებების გატარება სწორედ ამ მუხლის საფუძველზე.

საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი და გაურკვევლობა, ჩვენს ორგანიზაციას უკვე ათობით მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, სინამდვილეში კი ეს ძვველი საჯარიმო სანქციაა, რომელიც წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125/2 მუხლში „დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა, რომლის მე-8და მე-9 პუნქტში არსებობს ესეთი ჩანაწერი: ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე მე-8-მე6 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

მას შემდეგ, რაც შსს-მ ვერ გაიტანა თავისი ახალი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში, სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ეხლა აამოქმედა სადამსჯელო ღონისძიებები და აჯარიმებენ თითქმის ყველა მძღოლს რომელიც გააჩერებს ავტომობილს იქ, სადაც არ არის პარკირების საგზაო ნიშანი.

ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“ ამ ფაქტს რამოდენიმე მიზეზის გამო ვაპროტესტებთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩანაწერი „რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა“ არის ძალიან ბუნდოვანი, პირველ შემთხვევაში „რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა“ ვითარება გამჭირვალეა, თუ არასწორ პარკირებას ან ავტომობილის გაჩერებას მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამის დასაბუთება ძალიან მარტივია, სახეზე გვაქვს ავტოსაგზაო შემთხვევა და დგება შესაბამისი ოქმი. მაგრამ მეორე შემთხვევაში „რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა“ ძალიან რთული დასადასტურებელია, ნამდვილად გამოიწვია თუ არა მძღოლის მიერ ავტომობილის არასწორმა პარკირებამ საავტომობილო საცობი, შესაბამისად ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ ესეთ დარღვევას მისცეს საცობის წარმოქმნის ინტერპრეტაცია, რაც დღეს სინამდვილეში ხდება და ხშირ შემთხვევაში მძღოლები უსამართლოდ ჯარიმდებიან 200 ლარით.

ეს ასევე არასამართლიანი მიდგომაა დღევანდელ რეალობაში, როდესაც ავტომოპილების პარკირების სისტემა საცობების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ავტომობილების რაოდენობა ბევრად აღემატება პარკირების ადგილების რაოდენობას ქალაქში, კერძოდ კი, დღეს ერთ საპარკინგო ადგილზე 12 ავტომობილი მოდის, რაც აიძულებს მძღოლებს გააჩერონ თავიანთი ავტომობილები ისეთ ადგილას, რომელიც კანონმდებლობით არ არის განკუთვნილი პარკირებისთვის.

მსგავსი მიდგომით, სამოქალაქო საზოგადოებას შეგვიძლია გამოვიდეთ ინიციატივით და რამდენი ორმო, თავახდილი საკანალიზაციო ჭა, ინფრასტრუქტურული უწესივრობაა ქალაქში, იმდენი 200 ლარი დავაკისროთ თბილისის მერიას. იმიტომ, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურა ისეთივე მიზეზია საცობის წარმოქმნია, როგორც ავტომობილის არასწორი პარკირება.

ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით და დავიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ!…” – აცხადებს ვასო ურუშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები