LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვენეციის კინოფესტივალზე” გავიცანით ალ პაჩინოც, რომელიც ისე მოიხიბლა ჩემი და ჩემი მეგობრების შესრულებით, რომ თვითონ გამოგვეცნაურა და პირდაპირ გვითხრა, რომ ჩვენთან მეგობრობა უნდოდა” – მედეა მირიანაშვილი

272
მედეა-მირიანაშვილი

4 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი მედეა მირიანაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა და ახალი სიმღერა „ქრიზანთემები“ შესთავაზა თაყვანისმცემელს.

– მედეა, როდის გაგიტაცათ მუსიკამ?

– 2 წლის ვიყავი, ჯერ არ ვლაპარაკობდი, მაგრამ უკვე ვმღეროდი. ძალიან უცნაურია, სიმღერისას სიტყვებს გამოვთქვამდი, თუმცა ლაპარაკით თავს არ ვიწუხებდი. მე და ჩემი 3 წლის და – მირანდა დუეტში ვმღეროდით და კვირაში ერთხელ მშობლებისთვის ვაწყობდით კონცერტებს, ამიტომ ორივე ადრეულ ასაკში შევეჩვიეთ სცენაზე დგომას.

– როგორც ვიცი, თქვენი სიმღერით თავად ალ პაჩინო აღფრთოვანდა,

– პრაქტიკულად მთელი ჩემი ოჯახი კინოინდუსტრიაში საქმიანობს – ჩემი დაც მსახიობია და შვილიც, სიძე კი – პროდიუსერია. რამდენიმე არაჩვეულებრივ ფილმზე იმუშავა, რომელთაც მსოფლიოს პრესტიჟულ ფესტივალებში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ მისი ერთ-ერთი ფილმი წარვადგინეთ 2015 წელს ვენეციის კინოფესტივალზე, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი სტუმრობდა. იქ გავიცანით ალ პაჩინოც, რომელიც ისე მოიხიბლა ჩემი და ჩემი მეგობრების შესრულებით, რომ თვითონ გამოგვეცნაურა და პირდაპირ გვითხრა, რომ ჩვენთან მეგობრობა უნდოდა. ამასთანავე, შეგვპირდა, რომ აუცილებლად ეწვეოდა საქართველოს და სიამოვნებით გაიცნობდა ჩვენს ქვეყანას.

– ეპიზოდური როლი შეასრულეთ ოთარ იოსელიანის ფილმში „შანტრაპა“. როგორ აღმოჩნდით გადასაღებ მოედანზე?

– ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ბატონი ოთარი არაჩვეულებრივი ადამიანი და ბრწყინვალე რეჟისორია, რაც მის მუშაობაშიც იგრძნობა. სხვა რეჟისორებისგან განსხვავებით, ვინც არასდროს ერიდება კონფლიქტს შემოქმედებით ჯგუფთან, ბატონი ოთარი ყველას პატივისცემით ეპყრობა, ყოველთვის თავშეკავებული და მოკრძალებულია, საოცარი მოთმინება აქვს, რადგან ყველა მსახიობს დეტალურად უხსნის მის როლსა და ფუნქციას. მეორედ ბატონ ოთარს ლონდონში შევხვდი ქართული კულტურის დღეებზე, სადაც მისი „გიორგობისთვე“ იყო წარდგენილი, მე და დინი ვირსალაძეს კი, კონცერტს გვქონდა ფილმის ჩვენების შემდეგ.

– რამდენიმე სერიალის შემდეგ, მთავარი როლის შესრულების შეთავაზება მიიღეთ ფილმში „გზა“,

– ძალიან გამიხარდა, როცა ძმებმა თავართქილაძეებმა მომმართეს. სხვათა შორის, ფილმი ქართული კინოს საგანძურშია შეტანილი. აქვე მინდა გავიხსენო ბატონი ზაზა ხალვაშიც, რომლის ბოლო ფილმი „ოსკარზე“ იყო ნომინირებული. ძალიან სახასიათო როლი მქონდა მის „მგლების ხორუმში“ და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდი რეჟისორთან მუშაობის საშუალება მომეცა.

– რას საქმიანობს თქვენი და მირანდა მირიანაშვილი?

– 1990-იან წლებში, მირანდამ ძალიან ახალგაზრდამ დატოვა საქართველო. მართალია, ხშირად ჩამოდის და კონცერტებსაც აწყობს, მაგრამ როგორც მომღერალს საზღვარგარეთ – რუსეთში, საფრანგეთსა და ამერიკაში უფრო იცნობენ. იმედი მაქვს, ახლა უფრო დიდი ხნით ჩამოვა და ერთობლივ კონცერტებსაც მოვაწყობთ.

– როგორ შეიქმნა სიმღერა „ქრიზანთემები“?

– უზომოდ ვიყავი შეყვარებული, სწორედ მაშინ მომიძღვნა ქეთი გაბისიანმა ეს სიმღერა და რამდენჯერმე უკვე შევასრულე მის საღამოზე, ახალი ვერსია კი, გიო ხუციშვილთან და ბენდთან ერთად ჩავწერე. ძალიან გული მწყდება, რომ გიო აღარ არის ჩვენთან, რადგან არაჩვეულებრივი მომღერალი იყო, ნურავის ეწყინება, მაგრამ მასავით სიმღერა მართლა არავის შეეძლო.

– ალბათ უამრავ კომპოზიტორს მოუძღვნია თქვენთვის სიმღერა, ყველაზე მეტად რომელი გიყვართ?

– ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ქალბატონმა მაცაცო სებისკვერაძემ დამიწერა ულამაზესი სიმღერა. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრის, ქალბატონ ნათია ზეინკლიშვილის ნამუშევარი, დათო ევგენიძემ კი, პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე მაჩუქა არაჩვეულებრივი კომპოზიცია, რომელიც პირველად ბათუმის კონცერტზე შევასრულე. ბრწყინვალე კომპოზიტორი ჟივკო პეტროვი გავიცანი ბულგარეთში გასტროლისას, რომელსაც ისე ძალიან მოეწონა ჩემი შესრულების მანერა, რომ სპეციალურად ჩემთვის გადაწყვიტა სიმღერის შექმნა, რომელსაც სულ მალე სოფიაში მოწყობილ კონცერტზე შევასრულებ პეტროვის ჯაზ-ტრიოსთან ერთად.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სამომავლოდ ბათუმის და თბილისის ბიგ ბენდებთან ერთად ვგეგმავ კონცერტების მოწყობას. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი რეპეტიციის დაწყებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები