LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, გაამართლა, კიდევ ერთი ტემპიანი, ენერგიული, საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა“ – პაატა თედიაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

128
პაატა-თედიაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ პაატა თედიაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მოდი დაწექი ჩემთან“ პრემიერა შედგა.

პაატა, გასტროლებით იყავი ჩინეთში, როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა?

საქართველოში რომ ჩამოვედი, ისეთი მარტივი იყო ცხოვრება, იქ ძალიან აჩქარებულია ყველაფერი, 7 საათზე იწყება სამსახურები, ბავშვები 7 საათზე უკვე სკოლაში არიან. ჩვენ 07:00-დან 08:30-მდე გვქონდა საუზმე და შემდეგ, ტრანსპორტს გადავყავდით ხოლმე  საფესტივალო ქალაქში. იმდენად დაძაბული და რთული იყო ყოველდღიურობა, სულ მძინავს, რაც ჩამოვედი. ჩემი ქორეოგრაფიული ანსამბლი, „ოქროს ფარი“ მყავდა იქ და მათ ჰქონდათ ყოველდღიური გამოსვლები, სამ ლოკაციაზე. ჩინეთის გასტროლი ძალიან დატვირთული იყო. პირველად ვიყავი და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, ძალიან საინტერესო იყო, ვფიქრობ, ერთხელ მაინც ყველა ადამიანი უნდა მოხვდეს ჩინეთში.

მოგვიყევი შენს ახალ ნამუშევარზე „მოდი დაწექი ჩემთან“.

ვფიქრობ, გაამართლა, საინტერესო სიმღერაა. ყოველდღიურ, მოსაწყენ ცხოვრებაში და ყოფაში კიდევ ერთი ტემპიანი, ენერგიული, საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა.

როგორ გაჩნდა აღნიშნული სიმღერის იდეა?

უბრალოდ, ისე მოვიდა იდეა. ვფიქრობ, დროა საზოგადოებამ ერთ მთლიანობაში აღიქვას ფიზიოლოგია, ანუ სექსუალური ქცევის აუცილებლობა, ლირიკულ პასაჟებთან ერთად. ვისმენთ სიმღერებს, რომელიც არის ლირიკული, მანიფესტირებულია სიყვარულის ახსნა ან პლატონური სიყვარულის დეტალებით ხდება მინიშნებები და არის მეორე ნაწილი, რომელიც არის გართობაზე, სექსუალურ თანაცხოვრებაზე, ანუ ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან გამიჯნულია, თუმცა ამ სიმღერაში შეიკრა ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ისე მოუხდა ლირიკულ ტექსტს ეს სიმღერა, ეს დასაწყისი…

მისამღერი, ეს პროვოკაციული ფრაზა ასე პირდაპირ დამეჯახა. მერე, ვიფიქრე, რომ ეს ცოტა საფრთხილო საკითხია, რადგან ქართულ ტელესივრცეში თუკი რაიმე ფილმი გადაღებულა და თუ კი რაიმე სექსუალური, ეროტიკული ნაწილია ყოველთვის გვიქმნის ხოლმე უხერხულობას და ხშირად მიფიქრია ამაზე, რადგან საზოგადოება, ვისაც ხელეწიფება გადაღება, არ არის მზად.

სექსუალური ქცევის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უკავშირდება ფიზიოლოგიას, დავაკავშირეთ ლირიკულ ნაწილთან, რომელსაც ხშირად ვუსმენთ და უფრო მეტად ვაღმერთებთ. 

ერთი ძალიან საინტერესო დეტალი უნდა მოვყვე, მე და ჩემმა მეგობარმა ერთი პერიოდი ამოვიჩემეთ სადგურის ტერიტორია, სადაც სექსმუშაკები დგანან. ყოველდღიურად ვყიდულობდი ხოლმე პოპკორნს და იქვე ვისხედით და ყოველ ღამე ვადევნებდით თვალყურს, მათ ყოფას და ცხოვრებას. ძალიან საინტერესო რაღაცები ვნახე, მათ შორის, იყო ერთი მსგავსი დეტალი, გოგონა და ვაჟი მოდიოდნენ ერთად, ხელგადახვეული, ბიჭმა ტაქსი გაუჩერა თავის შეყვარებულს, ჩასვა მანქანაში და უთხრა, მე ფეხით გავაგრძელებ გზასო. როგორც კი ეს გოგონა ტაქსიში ჩაჯდა, ამ ბიჭმა სექსმუშაკისკენ გადაუხვია და პირველივე შემხვედრს გაჰყვა იქ, სადაც საჭირო იყო. მართლა ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა შენგან მიდის შენი პარტნიორი და მერე, ვიღაცას ნებდება. ხშირად გვსმენია – „ქორწინებამდე არ მეხება“, ვფიქრობ, თუ არსებობს ურთიერთობის სურვილი და ლტოლვა, ეს ისეთივე ნორმალური ფიზიოლოგიაა, როგორც ის, რომ ვსვამთ წყალს და ა.შ. სექსუალური თანაცხოვრება არ ნიშნავს გარყვნილებას, ეს არის ნორმალური ფიზიოლოგია. ხშირად, ერთი დაწოლაც კი ცვლის ადამიანის ცხოვრებას, არის შემთხვევითი კავშირი, რომელიც შეიძლება, არ გაგრძელდეს, მაგრამ ერთმა დაწოლამ შეიძლება, შექმნას ადამიანის მომავლის, ცხოვრების გაგრძელების აუცილებლობა. ეს ფიზიოლოგია ერთგვარი უდიდესი ფსიქოთერაპიაა. დიდი გენიოსებიც ამბობდნენ, რომ ყველა სიმახინჯე, რომელიც ჩაბუდებულია ადამიანში, ხშირად, სექსუალური შიმშილისგან მოდისო, ამიტომ რაღაცნაირად მინდა, გავიხსნათ ამ თვალსაზრისით.

ტელევიზიები თუ დაინტერესდებიან სიმღერის პრემიერით, ჩანასახში უკვე მაქვს, თუ როგორ შეიძლება წარვადგინო რეჟისურა. ვფიქრობ საბერძნეთის, ძველ რომაულ თემას შევეხები.

პაატა, ცნობილია, რომ მედიცინის სფეროში იყავი, რატომ თქვი უარი აღნიშნულ მიმართულებაზე?

ძალიან რთული იყო სამორიგეო ნაწილის და ხელოვნების შეთავსება. ადმინისტრაციის მხრიდან არაერთხელ გაიჟღერა კრიტიკამ, ან იცეკვე ან დარჩი ექიმადო. როგორც ექიმი, ჩემს მეგობრებს, ახლობლებს ვუწევ დახმარებას, ქუჩაში პირველადი დახმარება არაერთხელ გამიწევია ადამიანებისთვის. ზოგადად, მელანქოლიური ადამიანი ვარ და სევდა და დარდი თუ წამიღებს, გარკვეული დრო მჭირდება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდე, როგორც მორევი, ისე მითრევს. ყოველი მორიგეობის მერე, მჭირდებოდა ხოლმე განტვირთვა, როცა ვაანალიზებდი, როგორი რთული შემთხვევები იყო, რამდენი ტიპის ადამიანი ვნახე. თქვენ კიდევ არ იცით, რა ოჯახები და რა მდგომარეობებია ჩვენს გარშემო. დედა ექიმი ლაბორანტი იყო და სულ მეუბნებოდა, არ იყო ორიენტირებული ხელფასზე და ფულზე, ყოველთვის იფიქრე, რომ თითოეული პაციენტი შენი ოჯახის წევრიაო. მე ვფიქრობ, რომ დღეს რაღაცები დარღვეულია, არ ვიცი ეს დატვირთული რეჟიმის გამოა თუ… მაგრამ ხშირად, ექიმებს მთავარი დეონტოლოგიის და ბიოეთიკის საკითხები ავიწყდებათ. მორიგეობის დროსაც, როცა პაციენტი მიგვყავდა, დაყოვნების დრო 15 წუთი გვქონდა, მაგრამ საათობით გვქონია ლოდინი, რადგან იქ ვიღაც ექიმი ყავას სვამს, დაქალებთან ჭორაობს ან გასულია სამსახურიდან და ხვდები, რომ ეს დარღვევაა, ამიტომ ხშირად, კონფლიქტურ სიტუაციებამდე მივსულვართ. ასევე, თუ ეთნიკურად სხვა წარმომავლობის იყო პაციენტი, ყოფილა, რომ ექიმს უთქვამს, მიდი და შენ შეადგინე რუკა, შენ შეკრიბე ანამნეზი, მე მასთან არ მივალ. გარდა ამისა, არ იყო მოწესრიგებული სველი წერტილები, არ გვქონდა საშუალება, წყალი გადაგვევლო 24 საათიანი დამღლელი სამუშაოს შემდეგ. არ იყო კვების ობიექტები. შეიძლება, შენი სიტყვით, შენი მიდგომით, დამატებით დაამძიმო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ ამბობენ ექიმი ჯერ სიტყვით კურნავს და მერე, მედიკამენტითო.

პაატა – მოდი დაწექი ჩემთან

გადაცემის აუდიოჩანაწერი

პაატა თედიაშვილი – შეგიყვარდები

პაატა თედიაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები