რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ასტროლოგი და მუსიკოსი – თორნიკე ბიძინაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში თორნიკეს ავტორობით შექმნილი სიმღერის „გაზაფხული“ პრემიერა შედგა, რომელსაც თაკო მელიქიშვილი ასრულებს.
თორნიკე, პროფესიით ასტროლოგი და მუსიკოსი ხარ, ვფიქრობ, ძალიან უხდება ეს ორი სფერო ერთმანეთს…
კი, რა თქმა უნდა, რადგან ასტროლოგიაშიც არის მუსიკის განხრა და ყველა ნოტს თავისი პლანეტა ჰყავს.

მოგვიყევი შენს ასტროლოგიურ სკოლაზე.
ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც საქართველოში ასტროლოგიური სკოლა შევქმენით, ეს იყო 2013-2014 წლებში. პირველი ასტრო-ეზოთერული ცენტრი გავხსენით. გვქონდა ჩვენი ჟურნალიც. მე ვიყავი ამ ყველაფრის ფუძემდებელი, შემოვიკრიბე ხალხი, რომელთაც ეს თემა აინტერესებდათ. დავბეჭდეთ პირველი ასტროლოგიის შემსწავლელი წიგნი და დაიწყო ხალხის ამ მხრივ უფრო განვითარება და შემეცნება, ამაღლდა ცნობიერება, ნახეს, რომ ასტროლოგია სერიოზული რაღაცაა, რომ აკადემიური თემაა, რომ ეს მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნები არ არის, აქ დეტალური შესწავლაა საჭირო, მთელი სისტემებია, რომელიც ადამიანმა უნდა ისწავლოს. წარმოიდგინეთ, სწავლის პროცესი 2-3 წელიწადი გრძელდება, რომ ასტროლოგი გამოხვიდეთ. გავცემთ დიპლომსაც.
საერთო ჯამში, რამდენი წელია, რაც ამ სფეროში ხართ?
ფაქტობრივად, 16 წელია.

მუსიკა როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
მუსიკა სულ იყო, ფონად სულ გაჰყვებოდა ჩემს ცხოვრებას, ეს იყო ჩემი აუხდენელი ოცნება, ბავშვობიდან ვიდექი და ბოთლებზე, ქვაბის თავსახურებზე ვაბრახუნებდი.
ყოველთვის ვცდილობდი მუსიკა დამეწერა. მუსიკა ყოველთვის მომდიოდა თავში, ზოგი სიზმრიდან მოდიოდა, რადგან ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, აქ რომ ვიძინებ ღამე, იქ სხვა ცხოვრება მაქვს.
2025 წელს საკმაოდ დიდი ტრაგედია შემემთხვა და ამ ტრაგედიამ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადამიყვანა. მამა და დეიდაშვილი ერთად, ორი დღის განსხვავებით გარდამეცვალა და ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა და უნდა გამოვსულიყავი აქედან, რაღაც უნდა მეკეთებინა. დავიწყე ლექსების წერა, მერე მუსიკა დავადე, ექსპერიმენტები ვაკეთე და მოკლედ, დაიწერა ეს სიმღერები. წარმოიდგინეთ, 60-მდე კომპოზიცია მაქვს გაკეთებული. ვწერ მელოდიებსაც, საუნდთრექების სტილში.
ბენდი როდის ჩამოაყალიბე?
ნოემბრის თვეში უკვე დავიწყეთ ბენდის შეკრება, 4 კაცი ვართ. შემთხვევით გაცნობილი ხალხია, რომელთაც იგივე ოცნება ჰქონდათ, რომ საკუთარი ბენდი შეექმნათ. ბენდს „სტელიუმი“ ჰქვია. ბენდი ასრულებს სიმღერებს, რომლებიც მე დავწერე, ჩვენ ვწერთ მუსიკას, ვცდილობ, რომ ქავერები ნაკლებად გვქონდეს, თუმცა ესეც საჭიროა. სიმღერები არის როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი.

წელს თუ დაიწერა ახალი სიმღერები?
კი, დაიწერა ინგლისურენოვანიც და ქართულენოვანიც, ძალიან ბევრი ისეთი სიმღერა დაგროვდა, რომელიც უნდა ჩავწეროთ.
ჩვენი პირველი სიმღერა იყო „ბორჯღალო“, რომელიც გავარდა ინტერნეტში და ძალიან ბევრს მოეწონა, მეორე იყო „ლილეო“, რომელიც ძალიან მაგარი სიმღერაა, მესამე იყო „ნამდვილი სულიერება“, რომელიც ბუნებაზე და სტიქიებზეა.
ენთუზიაზმი, მონდომება ძალიან დიდია, ჯგუფის წევრები სულს და გულს დებენ, რომ მუსიკალური განვითარების მაღალ დონეზე ავიდნენ, ერთი ბასზე დადის, ერთი სოლო გიტარას კიდევ უფრო ხვეწავს და აძლიერებს, მე ვოკალზე დავდივარ.
ანუ ფაქტობრივად გინდა, რომ შენი ცხოვრება, ეს ეტაპი მუსიკას მიუძღვნა…
ამით ვიღებ ბედნიერებას და კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ვიქნები, თუ ხალხიც გაბედნიერდება.
სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, რომელსაც მე ვასრულებ და რომლის ავტორიც შენ ხარ, შენი შესრულებით რომ მოვისმინე, ძალიან მომეწონა. მინდა აღვნიშნო, რომ 2025 წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ გარდამეცვალა დედა. დედას საკმაოდ დიდი წვლილი ჰქონდა იმაში, რომ მე სცენაზე ვიყავი, სიმღერის მხრივ, 90-იანი წლებიდან დაწყებული და ვფიქრობდი, რომ ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში სიმღერა აღარ იქნებოდა და არც არანაირი სურვილი არ მქონდა. ახლაც, ვერ ვიტყვი, რომ ალბომების ჩაწერას და სოლოკონცერტების გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ ეს სიმღერა ძალიან მომეწონა, თან ჩემს, იმ გასულ 2 საკმაოდ რთულ წელს დაუკავშირდა. სწორედ ამ ჩემი ერთგვარი ტრანსფორმაციიდან, ჩემი პრობლემებიდან გამომდინარე აღმოვჩნდი ციფრულ ფსიქოლოგიაში, ნუმეროლოგიაში და იმდენად გამიტაცა ამ თემამ, რომ შეგრძნება მქონდა, რატომ აქამდე არ ვიყავი ამ ყველაფრით დაინტერესებული-მეთქი. ამ სიმღერით ჩემი ამ სფეროში შემობრუნება მოხდა. ჩემთვის სიმღერა ყოველთვის უკავშირდება დედას, იმ წლებს, როცა ის ცდილობდა, რომ პირველი ნაბიჯები გადამედგა. მადლობა შენ ამ სიმღერისთვის. შენც აღნიშნე, რომ 2025 წელი შენთვის რთული იყო და მეც. ეს სიმღერა ხომ ერთ-ერთია, რომელმაც ამ მდგომარეობიდან გამოგიყვანა. ის ტკივილი სულ გვემახსოვრება, მაგრამ ცხოვრება გრძელდება… გარდა იმისა, რომ „გაზაფხული“ ჰქვია სიმღერას, ყველაზე მეტად რაც არის ჩემთან ახლოს და რაც უფრო გავითავისე და მომწონს ამ სიმღერაში, არის ის, რომ ადამიანი არ უნდა დაელოდოს მომენტს, რომ გაზაფხული მოვა, ზამთარი მოვა და მერე ვიქნები ბედნიერი, ის, რომ დღეს უნდა ვიყოთ. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ. გამუდმებით წარსულზე ფიქრიც არასწორია, რადგან ის უკვე იყო და ვეღარ დავაბრუნებთ.
რა თქმა უნდა. ეს მუსიკა ჩემი სულის ამოძახილია.

როგორ შეიქმნა ეს სიმღერა, რას გრძნობდი, როცა ამ სიმღერას წერდი?
გაზაფხული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და როგორ შეიძლებოდა, რომ გაზაფხულისთვის სიმღერა არ დამეწერა. ეს ხომ სიცოცხლის დასაწყისია, ბუნიაობაა, როცა მზე იბადება… ეს არის დღე, როდესაც იწყება ახალი წელი, როცა დღე და ღამე სწორდება და მერე, დღე იმარჯვებს ღამეზე, დღე იწყებს ზრდას და ნათელი უფრო მეტია და ბნელი უფრო ნაკლები. შენც რომ იმღერე, კიდევ უფრო დაიხვეწა და ძალიან კარგი სახე მიიღო, საბოლოო ჯამში.

მადლობა ცირა ბზიშვილს, რომ არა ის, ასე კარგად ვერ ვიმღერებდი და ასეთი კარგი ვერსია ვერ გამოვიდოდა.
სიმღერაში დევს მარადიული სურვილი, რომ ადამიანს მუდამ გაზაფხული ჰქონდეს ცხოვრებაში და სირთულეებიც გაზაფხულის ფონით გაიაროს. რაც უფრო მეტი პოზიტივი და დადებითია ადამიანში, მით უფრო მეტი ნათელი ძალები და პოზიტივი მოდის, მათ ანგელოზები ეხმარებიან, რადგან ადამიანი ბედნიერებისთვის არის დაბადებული ამ ცხოვრებაში.

ამ სიმღერას რომ ვწერდი, ვამბობდი, რასაც ვმღერი მიხდება-მეთქი, „ჩამოვუქროლებ საქართველოს“ ვიმღერე და საქართველოდან მომიწია წასვლა 7 თვით, მანამდე რაღაც ვიმღერე, უბედური რომ ხარ, არაფერი რომ არ ხდება, ვიმღერე, დამემართა ეს ტრაგიკული სიტუაციები და ვამბობდი, ახლა რაღაც ისეთზე უნდა ვიმღერო, პოზიტიურზე, რომ ეს ყველაფერი მოვიზიდო-მეთქი.
თაკო მელიქიშვილი – გაზაფხული
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თორნიკე ბიძინაშვილი & თაკო მელიქიშვილი. “პრემიერა თაკოსთან”